„ბარსელონამ’’ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. „ელ კლასიკოს’’ ბედი, რომელშიც ხუთი გოლი გავიდა,  73-ე წუთზე რაფინიამ გადაწყვიტა. მან კატალონიელთა სამი გოლიდან ორი შეაგდო – პირველი და მესამე.

საოცარი გამოდგა საუდის არაბეთის ქალაქ  ჯედას „მეფე აბდულას სპორტულ ცენტრში’’ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურული, მსაჯის წამატებული წუთები, როდესაც სამი გოლი გავიდა. მანამდე „ბარსა’’ რაფინიას პირველი გოლით (36-ე წუთი) 1:0-ს იგებდა, მაგრამ როგორც კი 45 წუთი ამოიწურა და მეოთხე მსაჯმა რამდენიმე წამატებული წუთის მანიშნებელი დაფა აწია, გუნდები გოლების გატანის იშტაზე მოვიდნენ და შესვენებამდე ანგარიში 2:2 გახადეს. ჯერ ვინისიუსმა გაქვითა საუცხოო სოლო რეიდით, შემდეგ პედრის ჩინებული პასს 37 წლის რობერტ ლევანდოვსკი ჭაბუკის სისწრაფით და მოხერხებულობით გამოეხმაურა, ბურთი მიიღო და ტიბო კურტუას თავზე გადაუგდო. 45+6 წუთზე კი „ბარსას’’ კართან ამტყდარი არეულობა გონსალო გარისიამ გოლით დაასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქედან რაფინიას და იქიდან ვინისიუსს შეეძლოთ თავიანთი მეორე გოლის გატანა. მერე ლამინ იამალს ტიბო კურტუამ აუღო, მაგრამ ბელგიელი რაფინიას შემდგომ მცდელობასთან ვერაფერს გახდა.

„რეალს’’ შეხვედრის ბოლო კიდევ ჰქონდა მომენტები, კიდევ ერთხელ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება.  90+1 წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის ბარსელონელი ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი გააგდო. საბოლოოდ, სუპერთასი ბარსელონაში წავიდა.

მატჩის შემდეგ „რეალის’’ მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ თქვა: „შერეულ ემოციას განვიცდი. ერთი მხრივ გული მწყდება ტიტული რომ ვერ მოვიგეთ, მეორე მხრივ კი ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ორივე გუნდს შეეძლო მოგება. თამაშს სხვადასხვა ფაზები ჰქონდა. სამწუხაროდ, ბოლოს გოლი ვეღარ შევაგდეთ, თორემ სუპერთასის ბედი პენალტებში გადაწყდებოდა. ვინისიუსმა 85-ე წუთამდე ბრწყინვალედ ითამაშა, შემდეგ კი კუნთის პრობლემის გამო შეცვლა მთხოვა. ესპანეთის სუპერთასი იყო შეჯიბრება, რომელშიც შუა სეზონში, რამდენიმე დღეში ორ დიდ მოწინააღმდეგეს შევხვდით. ამ ორი შეხვედრიდან შინ პოზიტივს გავიყოლებთ და შემდგომი გამოწვევებისთვის მოვემზადებით’’.

„ბარსელონას’’ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი: „ფინალში, მითუმეტეს „ელ კლასიკოში’’ გამარჯვება ყოველთვის ფანტასტიკურია. დღევანდელი გამარჯვებით ძალიან ვამაყობ. ფეხბურთელები გასახდელში ცეკვავდნენ. მთელი შეხვედრა ჩვენს სტილში ჩავატარეთ. ძნელი იყო, მაგრამ ბოლომდე ერთად, გუნდურად ვიბრძოლეთ. რაფინია მენტალურად წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელია. მან პირველი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, მაგრა როგორც კი შემდეგი შანსი მიეცა – გაიტანა. რაფა საოცრად ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს’’.

– თქვენ, როგორც მწვრთნელმა, კარიერაში რვა ფინალი ჩაატარეთ და რვავე მოიგეთ. რა არის ასეთი წარმატების საიდუმლო?

– მოწინააღმდეგეზე ერთი გოლით მეტი უნდა გაიტანო… თუმცა, ეს ჩემი დამსახურება არ არის, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, მათ საოცარი მენტალიტეტი აქვთ, საკუთარ შესაძლებლობებში სრულიად დარწმუნებულები არიან.