რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ინტერნეტი ოსმან დემბელეს მომავალზე მსჯელობით გადაიტვირთა. 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენთან’’ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად კლუბმა თავდამსხმელს თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც მან უარით უპასუხა.
„პარიზიენმა’’ დაადგინა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. დიახ, პსჟ-ს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს. ამის შესახებ გაზეთს დემბელესთან დაახლოებულმა წყაროებმა უამბეს. მათ კატეგორიულად უარყვეს, თითქოს ფეხბურთელი ვაჭრობს და ახალი კონტრაქტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს. ამბობენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეიძლება ორიოდ კვირაში დაიწყოს.
პრეს კონფერენციაზე, რომელიც გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში „პარიზთან’’ შეხვედრის წინ გამართა ჟურნალისტები დემბელეს ამბით დაინტერესდნენ, მაგრამ ესპანელმა პასუხს თავი აარიდა:
„ეს კითხვა ჩემთვის კი არა, სპორტული დირექტორისთვის უნდა დაგესვათ. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ლუიშ კამპუშს და ყველაფერი მასთან დააზუსტოთ’’.
ასეთი პასუხის მიუხედავად ჟურნალისტებს გაახსენდათ, რომ ცოტა ხნის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ გუნდის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა და არაერთი ცრუ ინფორმაციაა მოსალოდნელი.





