ესპანურ „მარკასთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა VAR და ის მსაჯები, ვინც ამ ვიდეოსისტემას მართავს.
„მსაჯებს მაფია აქვთ. ისინი VAR-ის საქმეებში ყოფილ ფეხბურთელებს არ რევენ. მაგალითად, როდესაც ერთ მოთამაშეს სახეში მეორის ხელი ხვდება და ის ეცემა, თამაში ჩერდება. ინიშნება ჯარიმა. რატომ? თუკი მე სიმაღლეში 190 სანტიმეტრი ვარ, ის კი 175 სანტიმეტრია, ჩემი მკლავი ხომ ბუნებრივად მისი თავის სიმაღლეზეა. ასეთ რაღაცებს რომ ვუყურებ, ვგიჟდები ისე ვბრაზდები’’, ― თქვა კაპელომ, რომელსაც სწამს, რომ VAR-თან უნდა ისხდნენ ადამიანები, რომელთაც ფეხბურთი უთამაშიათ და მოედანზე შექმნილი სიტუაციები გამოუცდიათ.
კაპელო ამბობს, რომ უეფასთან ფრიად სპეციფიკურ საკითხებზე მუშაობდა. მისი მტკიცებით, ბოლოდროინდელი პენალტების ნახევარზე მეტი არ უნდა ინიშნებოდეს.
კაპელო ინტერვიუში მისთვის მტკივნეულ თემას, იტალიურ ფეხბურთსაც შეეხო. „მილანის’’, „რეალის’’, „რომას’’, „იუვენტუსის’’ ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების თავკაცი წუხს, რომ იტალიელი ფეხბურთელები დიდ გუნდებში ფაქტობრივად აღარ არიან, ხოლო ბავშვთა ფეხბურთი მის სამშობლოში ტაქტიკური საკითხებით არის გაჯერებული.
„ჩვენ 12 წლის ბავშვებს ტაქტიკურ სვლებს ვასწავლით, მაშინ როდესაც ამ ასაკში ბურთის გადაწოდებას და კონტროლს, მოკლედ თამაშს უნდა ვასწავლიდეთ’’, ― თქვა კაპელომ.





