აფრიკის ერთა თასი მაროკოში მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ნაკრებმა მერვედფინალში ბრაჰიმ დიაის გოლით ტანზანიას 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გულშემატკივრები თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილოები არიან. დიასს საგოლე პასი აშრაფ ჰაკიმიმ ჩააწოდა ანუ სახელები იცოცხლეთ, ისეთია ― „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავის გადაცემა და „რეალის’’ ვარსკვლავის გოლი, თუმცა მწვრთნელ ვალიდ რეგრაგუის მაინც მოუხდა ახსნა-განმარტება და თავის გასამართლებლად ისტორიიდან შედარებების მოტანა:

„მე გეუბნებოდით, რომ ბოლო წუთამდე მოგვიწევდა წვალება და ასეც მოხდა. არ მავიწყდება 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რადგან საფრანგეთში ვიზრდებოდი. მაშინ ჩემპიონები ფრანგები გახდნენ. მერვედფინალში მათ პარაგვაის „ოქროს გოლით’’ მოუგეს, მეოთხედფინალში პენალტებით გაიმარჯვეს, ხოლო ნახევარფინალში ხორვატიასთან 0:1-ს აგებდნენ და ორი გოლი მათმა მარჯვენა მცველმა (ლილიან ტურამმა) გაიტანა, რომელსაც მანამდე საერთოდ არ ჰქონდა გატანილი’’.

მედიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მაროკოელთა თავკაცმა არაფერი თქვა 1998 წლის ფინალზე, რომელშიც საფრანგეთმა ბრაზილიას ფეერიულად მოუგო 3:0 და ზინედინ ზიდანმა ორი გოლი გაიტანა. მან მხოლოდ იმ შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებშიც ფრანგებმა ბრძოლითა და წვალებით გაიკაფეს გზა მომდევნო ეტაპისკენ.

რეგრაგუი: „ეს გახლავთ სცენარი რომელიც უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა, რომ ვიყოთ გუნდი, რომელიც აფრიკის ერთა თასზე გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენ ვართ კიდეც გუნდი, რომელსაც მიზნად ამ შეჯიბრებაში გამარჯვება აქვს დასახული’’.

ნიგერიამ იოლად მოუგო მოზამბიკს ― 4:0. გოლები „სუპერარწივების’’ მძლავრი თავდასხმის წარმომადგენლებმა გაიტანეს: „ატალანტას’’ ადემოლა ლუკმენმა, „გალათასარაის’’ ვიქტორ ოსიმენმა (ორი) და „სევილიას’’ აკორ ადამსმა.

აფრიკის ერთა თასის წინა გათამაშებაში ეგვიპტე სწორედ მერვედფინალში გამოეთიშა შეჯიბრებას, კონგოსთან პენალტებით წააგო, ახლა კი დამატებით დროში 3:1 აჯობა ბენინს. ძირითადი დროის ანგარიში გახლდათ 1:1 ― „ალ აჰლის’’ ნახევარმცველმა მარვან ატიამ ეგვიპტელები დააწინაურა, ჟოდელ დოსუმ კი, რომელიც ლუქსემბურგის „ვიქტორია როსპორტში’’ ან საფრანგეთის რანგით მეხუთე დივიზიონის „პაი დე ვალუაში’’ თამაშობს (ინტერნეტში ორივე ვარიანტი წერია) გაქვითა. დამატებით დროში იასერ იბრაჰიმმა, რომელიც ასევე „ალ აჰლის’’ წევრია, ეგვიპტელთა მეორე გოლი შეაგდო, ბოლოს კი მოჰამედ სალაჰმა მესამე დაამატა.

კიდევ, მერვედფინალში კამერუნმა უკიდურესად დაცვითი ფეხბურთით 2:1 მოუგო სამხრეთ აფრიკას  ― ისინი 88-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ.

მალიმ, რომელსაც 26-ე წუთზე უხეშობისთვის ფეხბურთელი გაუგდეს, 1:1-ის შემდეგ ტუნისს პენალტებით მოუგო, ხოლო სენეგალმა სუდანს 3:1 აჯობა.

დღეს ალჟირი კონგოს, ხოლო კოტ დ’ივუარი ბურკინა ფასოს ხვდება.