საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, ხოლო ინგლისის პრემიერშიპში პირველი წრის ბოლო ტური შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებში ჯამურად 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, ამ ყველაზე გუნდურ თამაშში ინდივიდუალურად თავის გამოჩენა მხოლოდ დავით ნინიაშვილმა შეძლო.

ტოპ 14

„ლა როშელმა“ „ტულონს“ უმასპინძლა და ისტორიაში ალბათ ყველაზე მწარე მარცხი აგემა. ბისკაისყურელებმა სამხრეთელებს 10 (!) უპასუხო ლელო გაუტანეს და ასტრონომიური ანგარიშითაც გაანადგურეს – 66:0!  ხსენებული 10 ლელოდან ერთი საკუთარ ანგარიშზე დავით ნინიაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავის მე-11 მატჩში მე-6 ლელო მიითვალა, კარიერაში კი 72 თამაშში 27 ლელოთი იწონებს თავს. სტატისტიკა იქით იყოს და ნინიაშვილმა მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა, ლელოც მშვენიერი დადო და ზოგადად, შესანიშნავ ფორმაშია. მეორე ტაიმში „ნინის“ ნიკა სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელიაც შეუერთდნენ, ხოლო წაგებულთა სასტარტოში გიორგი ჯავახია იყო.

ტურში დიდი სენსაციაც დაფიქსირდა – ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა „პერპინიანმა“ ასევე ერთპიროვნულ ლიდერ „ტულუზს“ მოუგო – 30:27. ამ მატჩში კატალონიელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც ტოპ 14-ში 125-ე მატჩი ჩაატარა. „პერპინიანი“ ამ გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა და ახალ აუტსაიდერ „მონტობანს“ 2 ქულით დაშორდა. „ტულუზი“ კი, სანუგეშო ბონუსის წყალობით ცხრილის სათავეში დარჩა, რადგანაც მისმა მდევარმა „პომ“ ლიონში ოდენ ნუგეშ-ქულა გამოიმუშავა და ლიდერთან კვლავაც ქულის დისტანციაზე დარჩა.

მესამე ადგილზე კი „სტად ფრანსე“ ავიდა, რომელმაც „კასტრს“ ბონუსით მოუგო – 33:15. პარიზელთა სასტარტო ბურჯები სერგო აბრამიშვილი და გიორგი მელიქიძე იყვნენ, ხოლო „კასტრში“ შეცვლაზე ლევან ჩილაჩავა შევიდა.“სტად ფრანსეს“ 39 ქულა აქვს, „ტულონს“ – ამდენივე, ოღონდაც ეს უკანასკნელი მეხუთეზეა.

მე-6 საპლეიოფო ადგილზე „მონპელიე“ დაფუძნდა, რომელმაც „ბაიონს“ დიდი სხვაობით მოუგო – 62:22. ლუკა ჯაფარიძე თამაშში მარქაფიდან 49-ე წუთზე ჩაერთო.

პრემიერშიპი

ინგლისის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ნახევარი დასრულდა და „ქართულმა“ კლუბებმა პირველი წრე საპლეიოფო ოთხეულში დაასრულეს. ბაჩუკი ჭუმბაძე „ექსეტერის“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და მოქმედ ჩემპიონ „ბათთან“ თამაშშიც ასე იყო. „ბათმა“ 33:26 იმარჯვა და ექსეტერელებს სანუგეშო ბონუსიც გაატანა, რამაც ჭუმბაძის გუნდი ცხრილის მე-3 საფეხურზე დატოვა. ბაჩუკიმ 55 წუთი ითამაშა, თანაც, აღსანიშნავი ისიცაა, რომ ბორჯღალოსანმა ბურჯმა პირველი წრის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლმა“ შინ „სეილი“ დაძაბულ ბრძოლაში 19:17 დაამარცხა და 34 ქულას მოუყარა თავი – ზუსტად იმდენს, რაც „ექსეტერს“ მოუგროვდა, ოღონდაც ჭუმბაძის გუნდს უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აქვს. ივანიშვილს არც ამ მატჩში უთამაშია და მისი წრიული მონაგარი 3 მატჩსა და 1 ლელოს შეადგენს.

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ www.rugbyscope.fr-მა კი საქართველოს ნაკრებისა და ლა როშელის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

აი, როგორ აფასებს მის თამაშს ეს გამოცემა:

„ფლანგზე თამაშისას, ქართველმა სრულად გამოიყენა ხელსაყრელი სიტუაცია და უნაკლო, ზუსტი და ეფექტური თამაში აჩვენა. მატჩში ის ხშირად ხვდებოდა თავისუფალ ზონაში, შეეძლო ბურთით წინსვლა და თამაშის საკუთარ თავზე აღება.

Rugby - Top 14. De la Géorgie à La Rochelle, Davit Niniashvili ou l'insouciance incarnéeლელოს გატანის შემდეგ, ის განსაკუთრებით მომხიბლველი იყო თავისი შრომისუნარიანობითა და სტაბილურობით. თერთმეტი გადაცემა გააკეთა, მათ შორის ოთხი კონტაქტის შემდეგ, რითაც გუნდური თამაშისადმი ერთგულება გამოავლინა.

ნინიაშვილმა ბურთით 69 მეტრი გაირბინა, სამი დაცვითი გარღვევა განახორციელა, ექვსი მცველი გააბითურა. ის არა მხოლოდ შეტევის დამაგვირგვინებელი იყო, არამედ ღია თამაშშისას საჭირო რგოლი, რომელსაც შეეძლო ბურთის შენარჩუნება, მისი გადაცემა და თანაგუნდელებთან შეუფერხებლად დაკავშირება. როდესაც გუნდი თამაშს სრულად აკონტროლებდა, ნინიაშვილამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა სივრცე და აჩვენებდა როგორც თავის ძალას, ასევე სისწრაფეს.“