Mohamed Salah and Zizo of Egypt in action during 35th Africa Cup of Nations Group B match between Egypt and South Africa at Adrar Stadium in Agadir,...აფრიკის ერთა თასი საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა იყო ყურადსაღები ჯგუფურ ეტაპზე. ფლეი-ოფის წინ ამ მასშტაბური შეჯიბრების პირველი ეტაპის გადახედვა უპრიანი უნდა იყოს.

ფავორიტებმა გაამართლეს. ორი წლის წინ ალჟირმა, ტუნისმა და განამ ჯგუფიდან ვერ გააღწიეს, ამჯერად კი წილისყრის დროს განთესილი თორმეტივე გუნდი მერვედფინალშია.

სიურპრიზი მოზამბიკის წარმატება გახლდათ. ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 102-ე ადგილზეა (შედარებისთვის, საქართველოს 73-ე პოზიცია უკავია) 28 დეკემბერს გაბონს მოუგო 3:2 და მერვედფინალში გავიდა.

გაბონმა სამივე თამაში წააგო, რამაც ქვეყნის მთავრობა გააბრაზა ― მწვრთნელები მოხსნა, ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია მისცა, ცნობილი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კი სხვებზე უფრო მკაცრი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

აუცილებლად აღსანიშნავია სუდანი, სადაც სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომია, მაგრამ ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა არათუ ფინალურ ეტაპზე, არამდე ფლეი-ოფში თამაშის უფლებაც კი მოიპოვა. სუდანი ფიფას რეიტინგში 117-ე ადგილზეა.

მოზამბიკის გარდა ფლეი-ოფში პირველად გავიდა ტანზანიაც, რომელსაც ფინალურ ეტაპზე ისტორიაში ერთხელაც არ მოუგია. სულ თორმეტჯერ აქვს ნათამაშები. ტანზანია მასპინძელ მაროკოს ხვდება.

მსოფლიო მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „ლივერპულის’’ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მო სალაჰმა ორი გოლი გაიტანა, თან, მიუხედავად იმისა, რომ სამიდან ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამბობენ, რომ სალაჰი საუკეთესო ფორმაში მაინც არ არის, მაგრამ ორივე გოლი როგორც ზიმბაბვეს ასევე სამხრეთი აფრიკის კარში, პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო.

მნიშვნელოვანი იყო მაროკოელი აშრაფ ჰაკიმის მოედანზე დაბრუნებაც. „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავს ტრავმის გამო თითქმის ორი თვე გაუცდა.

აფრიკის ერთა თასის მიმდინარე გათამაშება წვიმიანი ამინდებით გამოირჩევა ― მაროკოში წვიმების პერიოდია. ასეთი „სველი’’ ჩემპიონატი კონტინენტს ჯერ არ ჰქონია.