Afcon 2021: Janny Sikazwe 'could have died from heatstroke' - BBC Sportდღეს აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში მალი ტუნისს ხვდება. ისინი ოთხი წლის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ უცნაური ამბავი მოხდა: ზამბიელმა მსაჯმა ჯენი სიკაზვემ თამაში ადრე დაამთავრა. რამდენიმე კვირაში იმხანად 42 წლის არბიტრმა თავისი საქციელი ასე განმარტა:

„ძალიან ცხელოდა. ტენიანობა 80 პროცენტს აღემატებოდა. ჯერ კიდევ მოთელვის დროს ვიგრძენი, რომ იქ სირბილი შეუძლებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენ წყალს დავლევდი, მაინც წყურვილი მახრჩობდა და რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა უარესდებოდა’’, ― თქვა მან.

ხსენებული შეხვედრა, 2022 წლის 12 იანვარს კამერუნის ქალაქ ლიმბეში გაიმართა. ხსენებულმა არბიტრმა 85-ე წუთზე თამაში შეაჩერა, რითაც საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია. მსაჯმა თითქოს სული მოითქვა, მოწესრიგდა, შეხვედრა გააგრძელა და… 89-ე წუთსა და 45-ე წამზე დაამთავრა. თანამსაჯს წამატებული დროის გამოცხადებაც კი არ აცალა. ასეთ საქციელს ცხადია მონაწილეების აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ მსაჯმა, რომელიც მოედნიდან გაიყვანეს მოედანზე დაბრუნებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

სიკაზვე: „ჩემი ასისტენტების აღარ მესმოდა. მათ მითხრეს, რომ რაღაც ცუდი შეამჩნიეს და დალაპარაკებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს უკვე აღარ მახსოვს. იმ დროს უკვე სადღაც, ჩემს სამყაროში ვიყავი. საავადმყოფოში მითხრეს, მოედანზე ხუთი წუთიც რომ გაჩერებულიყავი კომაში ჩავარდებოდიო’’.

ამ შემთხვევის მიუხედავად ფიფამ სიკაზვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიწვია, სადაც ბელგიისა და კანადის მატჩი განსაჯა, მაგრამ კანადელებმა ორი არდანიშნული პენალტის გამო მას პრეტენზია წაუყენეს დასიკაზვემ… საერთოდ მსაჯობას დაანება თავი.

ზამბიელი მანამდეც ყოფილა სკანდალის გმირი. ხან სენეგალის მწვრთნელმა ალიუ სისემ უწოდა მის ნამსაჯს კატასტროფული, ხან (2018 წელს) დისკვალიფიკაცია მისცეს როგორც არბიტრს რომელიც შესაძლოა კორუფციაში იყო გარეული, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს.

დღეს კასაბლანკაში შეხვედრას სამხრეთ აფრიკელი ტომ აბონიელი მოემსახურება.