ინგლისური „სანი’’ წერს, რომ „ჩელსის’’ მწვრთნელობა უმადური საქმეა, რაც ენცო მარესკას მოხსნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გაზეთის მტკიცებით, როგორც კი მარესკამ დასავლეთ ლონდონელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, მეპატრონე ბეჰდად ეგბალმა და მისმა ამალამ დაასკვნეს, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი იდეალურია: მათ შეუძლიათ ფეხბურთელები აქციებივით იყიდონ და გაყიდონ, გუნდი კი მაინც კონკურენტუნარიანი დარჩება და პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
შეცდა მარესკა. მან იფიქრა, რომ გამარჯვება მოქმედების მეტ თავისუფლებას მოუტანდა და შემადგენლობას გააძლიერებდა, მაგრამ „ჩელსიში’’ ასე არ ხდება. „სანი’’ იხსენებს რომან აბრამოვიჩის პერიოდს, როდესაც 19 წელიწადში 12 მწვრთნელი შეიცვალა. ახლანდელი რეჟიმის ანუ BlueCo-ს პირობებში კი იტალიელი, რომელმაც გუნდის სათავეში 19 თვე დაჰყო, ყველაზე გამძლე გამოდგა. ის, ვინც მას შეცვლის 2022 წლის მაისის მერე „ლურჯების’’ მეხუთე(!) თავკაცი იქნება.
მეორე მხრივ, „სანი’’ წერს, რომ იტალიელმა კარგად იცოდა სადაც მიდიოდა. გაზეთის აზრით, ერთადერთი, ვისაც BlueCo-ს დამოკიდებულებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, პირველი მწვრთნელი თომას ტუხელი იყო. გრემ პოტერს, მაურისიო პოჩეტინოს და მარესკას კი მეპატრონეებმა უთხრეს, რომ მათი სატრანსფერო პოლიტიკა რიგ შეზღუდვებს გულისხმობს.
„სანის’’ აზრით ეგბალი გარკვეული გაგებით ახალი აბრამოვიჩია, თუმცა არის დიდი სხვაობაც: აბრამოვიჩმა „ჩელსის’’ ისტორიაში ყველაზე დიდი ეპოქის შესაქმნელად 2 მილიარდ გირვანქაზე მეტი დახარჯა. ასეთი ხარჯვა რასაკვირველია იმით იყო განპირობებული, რომ ის რუსი ოლიგარქი გახლდათ და პუტინის რუსეთის შიდა ამბებში მონაწილეობდა. აქ, „სანს’’ სავარაუდოდ უზარმაზარი რუსული შავი ფულის გათეთრებაზე სურს მინიშნება.
აბრამოვიჩმა მოიფიქრა პრინციპი: ვყიდულობთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მთელს მსოფლიოში, მათგან საუკეთესოებს თავად ვიტოვებთ, შედარებით სუსტებს კი ვყიდით.
BlueCo-ს პირობებში დიდი ფულის ხარჯვა შეიზღუდა. მარესკა სავარაუდოდ დარწმუნდა, რომ კომპანია, რომელთანაც ის თანამშრომლობდა უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელებით მოვაჭრე ორგანიზაციაა, რომელსაც ამ საქმისთვის ჰყავს ორი კლუბი „ჩელსი’’ და „სტრასბური’’. ანუ, თუკი აბრამოვიჩის დროს ძლიერი გუნდის შექმნაც მნიშვნელოვანი იყო, ამჟამად მთლად ასე არ არის, თორემ კაცს, რომელმაც ახლანდელ „ჩელსის’’ ავტორიტეტი შესძინა, სხვანაირად მოეპყრობოდა. მარსეკამ სადებიუტო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დააბრუნა, კონფერენციის ლიგა მოაგებინა და კლუბთა მსოფლიოს თასი ააღებინა. ლოგიკურად, ისტორიას სხვანაირი გაგრძელება უნდა ჰქონოდა.
კლუბის დირექტორატს კი მიაჩნდა, რომ მომავალი წარმატება მწვრთნელს იმ რესურსით უნდა მოეპოვებინა, რომელიც უკვე ჰქონდა და გუნდის გაძლიერებაზე აღარ უნდა ეფიქრა.





