პარიზელთა ყურადღების ცენტრში ახალი წლის ღამეს „პარი სენ ჟერმენი’’ მოექცა. ტრიუმფალურ თაღს 2025 წლის დაუვიწყარი გამოსახულებები მიანათეს ― კლუბის დიდების დარბაზს ამ წელიწადს ექვსი ჯილდო შეემატა. საახალწლოდ კი გულშემატკივარმა საჩუქრად 2025 წელს გატანილი 178-ივე გოლის ჩანაწერი მიიღო.
ჩანაწერი 35 წუთიანია, მაგრამ ჩნდება კითხვა, რომელია ამ გოლებს შორის საუკეთესო ან ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი? „პარიზიენმა’’ შეარჩია მისი აზრით ათი გამორჩეული გოლი. გთავაზობთ საფრანგეთის დედაქალაქში 1944 წლიდან გამომავალი ყოველდღიური გაზეთის ვერსიას.
ყველაზე მნიშვნელოვანი: ოსმან დემბელეს გოლი „ლივერპულის’’ კარში.
ეს გოლი მსოფლიოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა „ენფილდზე’’, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრის მე-12 წუთზე გაიტანა, როთაც ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ პარიზელებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.
ყველაზე რთული: დეზირე დუეს გოლი „ასტონ ვილას’’ კარში.
ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი პატარა ფართობზე დიდ ზეწოლას გაუმკლავდა და საოცრად მაღალი ოსტატობა გამოამჟღავნა. ეს იყო მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა „პარკ დე პრენსზე’’, რომელიც 3:1 დასრულდა. დუემ ამ გოლით ანგარიში გაათანაბრა.
საუკეთესო: ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ასტონ ვილას’’ კარში.
იმავე შეხვედრის, მეორე ტაიმში ქართველმა ფენომენალური გოლი გაიტანა. „პარიზიენი’’ წერს, რომ ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, როგორც ესთეტიკურს ასევე პრაქტიკულს.
დაუვიწყარი: ფაბიან რუისის გოლი „არსენალის’’ კარში.
პარიზელებს ნახევარფინალის პირველი თამაში ლონდონში უკვე მოგებული ჰქონდათ. საპასუხო შეხვედრის 27-ე წუთზე ესპანელმა საჯარიმოს ხაზიდან გაუჩერებლად დაარტყა და გაიტანა.
სიმბოლური: დეზირე დუეს გოლი „ინტერის’’ კარში.
პარიზელთა მესამე გოლი ჩემპიონთა ლიგაში. ლამაზი კომბინაცია დემბელემ და ვიტინიამ დაიწყეს, დუემ კი დააგვირგვინა. ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ იწყებოდა „პარი სენ ჟერმენის’’ ეპოქა.
ინდივიდუალური: ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ინტერის’’ კარში.
ქართველმა ამ ეპიზოდში თანდაყოლილი ნიჭი გამოამჟღავნა ― მოკლე დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა. ამ გოლით კვარაცხელიამ ფინალს წერტილი დაუსვა. მორჩა, „პარიზელთა’’ გამარჯვება გადაწყვეტილი იყო.
აკრობატული: ჟოაო ნევეშის გოლი „ტულუზას’’ კარში.
პორტუგალიელმა მაკრატელა გაიტანა. ამ შეხვედრაში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.
კოლექტიური: გონსალო რამუშის გოლი „ბარსელონას’’ კარში.
ეს იყო ცეკვის მაგვარი მრავალსვლიანი კომბინაცია პარიზელების შესრულებით.
შორეული დარტყმა: ნუნუ მენდეშის გოლი „ლილის’’ კარში.
პორტუგალიელმა საჯარიმო დაახლოებით 30 მეტრიდან გაიტანა.
არტისტული: ვიტინიას გოლი „ტოტენჰემის’’ კარში.
ვიტინიამ შედევრი შექმნა. შეასრულა რამდენიმე საცეკვაო მოძრაობა და მეტად თავისებური დარტყმით ზედა კუთხეში შეაგდო.





