რამდენიმე თვეა, რაც ბარსელონელი ანსუ ფატი იჯარით „მონაკოში’’ თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში მას ემოციების მთელი კალეიდოსკოპის გავლა მოუხდა. კონტრაქტში ესპანელს უწერია, რომ ფრანგულ კლუბს 11 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის პრივილეგია ეძლევა.
ფატის სეზონის დასაწყისი მართლაც შესანიშნავი ჰქონდა, ყველა შეჯიბრებაში ერთად 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ ოქტომბერში სამთავროელებს მწვრთნელი შეეცვალათ, გუნდი ბელგიელმა სებასტიან პოკონიოლიმ ჩაიბარა და მას მერე, 9 შეხვედრაში ფატის არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი ჩაუწოდებია.
ბოლო დროს, სათადარიგო ფეხბურთელად ქცეული ფატის შესახებ ჭორი დაირხა, რომ ის შეიძლება გუნდიდან ზამთარშივე წავიდეს, თუმცა სამშაბათს „ეკიპმა’’ ამ ხმების გაქარწყლება სცადა. ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი, სეზონის ბოლომდე „მონაკოში’’ დარჩება.
16 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზე მყოფი მონაკოელები ტაკუმი მინამინოს ტრავმამ სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა და რაკი იაპონელის ტრავმას ზედ ფინანსური პრობლემებიც ერთვის, კლუბმა ფატის გაყიდვა შეიძლება მართლა აღარ იჩქაროს. მეორე მხრივ, გვინეა ბისაუში დაბადებულ 23 წლის ფეხბურთელს ორმაგად მონდომება მოუწევს, რადგან მწვრთნელი მისი მონდომებით უკმაყოფილოა.
ამომავალი თუ ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი რამდენჯერმე თანაგუნდელებმაც კი გააკრიტიკეს. ასე მაგალითად ცენტრალურმა მცველმა, განელმა მოჰამედ სალისუმ ჩემპიონთა ლიგაში „პაფოსთან’’ 2:2 ფრის შემდეგ ასეთი რამ თქვა:
„ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები სწორი მენტალიტეტით, რომლებიც ფარ-ხმალს ოთხმოცდამეათე წუთამდე არ ყრიან. ყველაზე მეტად შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს, თორემ დაცვაში საქმე ცუდად არ მიგვდის. ჩვენ დავრბივართ, ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ წინ იგივე არ ხდება და ამიტომ საქმე რთულდება’’.





