Achraf Hakimi right-back of PSG and Morocco and Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France compete for the ball during the FIFA Club...
მეგობარი მეტოქეები: მბაპე და ჰაკიმი

აფრიკის თასზე ზამბია და ჩემპიონატის მასპინძელი მაროკო დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ხვდებიან ერთმანეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელშიც ჯგუფიდან გამსვლელ-დამრჩენის ვინაობა უნდა გაირკვეს. წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მაროკოელთა მწვრთნელი ვალიდ რეგრაგუი და 2025 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი შეხვდნენ, ჰაკიმი ტრავმის შემდეგ ალბათ პირველად გავა მოედანზე. მას გულშემატკივრის მხარდაჭერაზე ჰკითხეს. „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავმა წყენა ვერ დამალა და გაიხსენა, როგორ უსტვინა გუნდს მაროკოელმა მაყურებელმა პირველ ორ შეხვედრაში.

„გულშემატკივრები და ჟურნალისტები ძალიან ბევრს ითხოვენ. ვიცი, რომ მაროკოელი ერი დიდი ერია და მუდამ მოგებას იმსახურებს, მაგრამ არსებობენ მეტოქეებიც. აფრიკის ერთა თასი იოლი შეჯიბრება არ არის. ჩვენ გამარჯვებისთვის ყველა გვჭირდება, მათ შორის ჩვენი მეთორმეტე მოთამაშეც. ის, რაც პირველი ორი შეხვედრის მსვლელობისას შესვენების დროს მოხდა ძალიან არ მომეწონა. ჩვენ შინ ვთამაშობთ და გულშემატკივრის თანადგომა გვჭირდება. ტრიბუნებიდან სტვენა ყოველთვის ნორმალური საქციელი კი არ არის.

კარგად მახსოვს, პსჟ-ს როგორ გვსაყვედურობდნენ, რომ ვერ ვიგებდით, კარგი გუნდი არ გვყავდა და მწვრთნელი არ გვივარგოდა, არადა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ამიტომ, ჩვენ გულშემატკივრის ბოლომდე თანადგომა გვჭირდება. ჩემპიონები მხოლოდ ერთად გავხდებით’’, ― თქვა მარჯვენა მცველმა.

ერთი ხნის მერე პრეს-კონფერენციაზე მაროკოელთა კაპიტანი ქომაგობის თემას ისევ დაუბრუნდა და ერთხელაც გაუსვა ხაზი, რომ 1976 წლის შემდეგ პირველად აფრიკის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ხალხის მხარში დგომაა საჭირო.

ჰაკიმი: „ზოგი ამბობს, რომ მისთვის კრიტიკა სულერთია, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ის გულს გტკენს. ვიცი, გულშემატკივარს უნდა, რომ სულ მოვიგოთ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერე მაროკოს ნაკრები განახლებული გუნდია და ჯობს ორივე ფეხით მიწაზე დავდგეთ. აფრიკის ერთა თასის მასპინძლობა რასაკვირველია გვეხმარება, მაგრამ ამოცანას არ აიოლებს. ვიმეორებ, ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება’’.

შემდეგ, ჰაკიმიმ სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ მალისთან შეხვედრის დროს მის გასამხნევებლად ტრიბუნაზე კილიან მბაპე იჯდა.

„მეგობრის სტუმრად ნახვა დიდი სიამოვნებაა. მბაპეს მაროკო უყვარს, ხშირად ჩამოდის ხოლმე ჩვენთან. მას უყვარს ჩვენი სამზარეულო. ბედნიერი ვარ თამაშს რომ დაესწრო. კილიანს ჩვენი გუნდი მოსწონს. მითხრა, რომ ახლა უწინდელზე გაცილებით ძლიერად ვთამაშობთ და აფრიკის ერთა თასის მოგება შეგვიძლია’’.

მას მერე, რაც ჰაკიმიმ „ბაიერნთან’’ შეხვედრაში ფეხი იტკინა თითქმის ორი თვე გავიდა. ახლა ის გამოჯანმრთელდა და, როგორც გითხარით, ზამბიასთან წესით მოედანს უნდა დაუბრუნდეს.

„თავს კარგად ვგრძნობ. მწვრთნელმა და მისმა სტაფმა საგანგებო პროგრამა შემიდგინეს. ბოლო რამდენიმე შეხვედრის წინ თავს ასი პროცენტით მზად არ ვგრძნობდი, თუმცა მოედანზე გასვლა შემეძლო. ახლა გაცილებით უკეთ ვარ. მზად გახლავართ, მაგრამ თუ მაინც არ მათამაშებენ, სათადარიგოთა სკამიდან გავამხნევებ ბიჭებს. სულ რომ არ მათამაშონ, 18 იანვარს აფრიკის ერთა თასის აღმართვა მაინც მინდა’’, ― თქვა ჰაკიმიმ.