Rayan Cherki of Manchester City celebrates with teammates after scoring his team's second goal during the Premier League match between Nottingham...ჟორჟ მიქაუტაძის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი რაიან შერკი „მანჩესტერ სიტიში’’ ძალიან დაიხვეწა. ფრანგ ნახევარმცველზე ადრე ამბობდნენ, რომ ის ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც საჭირო კალაპოტში სჭირდება მოქცევა, ახლა კი ამბობენ, რომ იგი საუკეთესოდ იყენებს თვისებას, რომლის კალაპოტში მოქცევასაც ადრე ასე ცდილობდნენ: ინსტინქტს მიჰყვება. მისი თამაშის სტილი ხშირად ნორმებს და კლიშეებს ეწინააღმდეგება, მაგრამ გუნდისთვის სასარგებლოა. სპონტანურობის, მოულოდნელობის გარეშე გამარჯვება ხომ ძნელია.

შაბათს „სიტიმ’’ „ნოტინგემ ფორესტს’’ 2:1 მოუგო და ამ შეხვედრაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა შერკის ძლიერი მხარეები. მან ჯერ ტიჯანი რეინდერსს მიაწოდა საგოლე პასი, შემდეგ კი თავად შეაგდო გამარჯვების გოლი, მაგრამ ეს ის შეხვედრა გახლდათ, რომელშიც „ლიონის’’ ყოფილმა მოთამაშემ ხალხს თავი თამაშის წაკითხვის უნარით მოაწონა.

„მწვრთნელის ინსტრუქციებს არ მივყევი, უბრალოდ ვიგრძენი, რომ იმ მომენტში შუაში უნდა შევსულიყავი’’, ― თქვა ფრანგმა როდესაც Canal+ მა მის მიერ გატანილი გოლის აღწერა სთხოვა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „მანჩესტერ სიტის’’ მწვრთნელი არც მეტი არც ნაკლები პეპ გვარდიოლაა, რომელსაც ძალიან არ უყვარს, როდესაც მისი ფეხბურთელები დადგენილი სათამაშო სქემიდან უხვევენ, შერკის ნათქვამი შეიძლება თავხედობად მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ ფრანგი სათამაშო სისტემის წინააღმდეგ არასდროს მიდის, ის უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციებში იმპროვიზაციას მიმართავს. რაიანი ზუსტად გრძნობს როდის სჯობია გადაუხვიოს ინსტრუქციას და ამას სხვებზე სწრაფად აკეთებს.

საიტი Maxifoot წერს, რომ თუ შერკის შევადარებთ იმ  ფეხბურთელებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მოედანზე დაახლოებით იმდენივე დრო გაატარეს რამდენიც ფრანგმა, ვნახავთ, რომ ეგრეთწოდებული საკვანძო პასების რაოდენობით ის პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა. ფრანგი ყოველ შეხვედრაში 4 საკვანძო პასს ასრულებს, საკვანძო კი ეწოდება გადაცემას, რომლის მერეც თანაგუნდელმა კარში დაარტყა. თუმცა, საკვანძო იქით იყოს და ის 8 საგოლე პასით პრემიერლიგის ასისტენტებს შორის პირველია.

შერკის პროგრესი დიდწილად რასაკვირველია გვარდიოლას დამსახურებაა. თავიდან კატალონიელი მწვრთნელი მას ფლანგის ნახევარმცველად აყენებდა, მერე კი მოძრაობის თავისუფლება, ხაზებს შორის შესვლის და ნახევარსივრცეების ათვისების ნება მისცა, რამაც გაამართლა.

და ნუ დაგვავიწყდება, რომ რაიან შერკი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.