Ferjani Sassi of Tunisia and Stley Bobo Nwabali of Nigeria battle for the ball during the AFCON Group C match between Tunisia and Nigeria at Fes...აღმაშფოთებელია! ტუნისი დაჩაგრეს! მსაჯი დაშინებული იყო!… ასეთი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელებში მალელი ბუბუ ტრაორეს ნამსაჯს აფრიკის ერთა თასზე ნიგერიის და ტუნისის შეხვედრაში. ეს თამაში მაროკოს ქალაქ ფესში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასზე პარასკევსაც იყო მსაჯობასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის, აგრეთვე მაროკოსა და მალის მატჩებში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვა. ასე რომ ტურნირი ფიცხელი კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ნიგერიის და ტუნისის შეხვედრის პირველმა 60-მა წუთმა მშვიდად ჩაიარა. ამ დროისთვის ვიქტორ ოსიმენისა და ვილფრედ ნდიდის გოლებით სუპერარწივები კართაგენელ არწივებს 2:0-ს უგებდნენ. ტუნისელებმა ძალა მოიკრიბეს და პასუხის გაცემა გადაწყვიტეს. „ბარნლის’’ 22 წლის ნახევარმცველმა ჰანიბალ მეირბიმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მოწინააღმდეგის კარისკენ დაიძრა, მაგრამ ჯუნიორ აჯაიმ უხეშად წააქცია. აქ ბურთი მეირბის თანაგუნდელმა იან ვალერიმ იხელთა, ის მოჰამედ ალი ბენ რომდანეს გადააწოდა, რომელიც შეტევის დასაგვირგვინებლად გაეშურა, მსაჯს კი შემტევი გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება დაავიწყდა, დაუსტვინა, საგოლე შეტევა ჩაშალა და აჯაის ყვითელი ბარათი ამოუღო.

ტუნისელები რასაკვირველია აღშფოთდნენ. გაბრაზება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რომ ბენ რომდანე, სასტვენის ხმა ვერ გაიგო და ნიგერიელთა მეკარე სტენლი ნვაბალისთან პირისპირ შევიდა, რომელმაც ის წააქცია. „ალ აჰლის’’ ნახევარმცველი დაშავდა კიდეც, ის მოედნიდან გავიდა, მაგრამ მსაჯი თავის გადაწყვეტილებას რაღას უზამდა. არადა, ორივე უხეშობა წითელ ბარათს იმსახურებდა.

ამის მერე ადემოლა ლუკმენმა ტუნისელების კარში მესამეც შეაგდო, მაგრამ ეს შეხვედრის ფაქტობრივი დასასრული არ გამოდგა. ტუნისმა ორი გოლით უპასუხა (ერთი პენალტი იყო), თუმცა მეტი ვეღარ შეძლო.

ნიგერია მერვედფინალშია, ტუნისს კი ფლეი-ოფში მოსახვედრად სამშაბათს ტანზანიასთან მოუწევს თავის გამოჩენა.