ქართულ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლი’’ გიორგი წიტაიშვილის შეძენაზე ფიქრობს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ calciomercato-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც „აძურის’’ სატრანსფერო სტრატეგიაა განმარტებული.
საიტი წერს, რომ პარტენოპეელები სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობენ. მათ მოიგეს იტალიის სუპერთასი და სურთ დაძლიონ რთული ამოცანა, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. ეს რასაკვირველია ანტონიო კონტეს გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს, მაგრამ არ არის გამორიცხული კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე მაინც იაქტიუროს. Calciomercato შეგვახსენებს, რომ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბაზარში მეტწილად ფეხბურთელების გაყიდვას აპირებდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ბოლო კვირებში დამოკიდებულება შეიცვალა.
რასაკვირველია, „სტადიო მარადონაზე’’ ბევრ ახალწვეულს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ ასეთი გამოჩნდება, ის გააზრებით, მიზანმიმართულად იქნება ნაყიდი. ზაფხულში „ნაპოლიმ’’ 9 ახალი მოთამაშე შეიძინა და გუნდი გააძლიერა, მაგრამ მაინც არის ორი პოზიცია, რომელსაც მიხედვა სჭირდება. თან, სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი. ზოგი მოთამაშე შეიძლება დაიღალოს, ზოგი დაშავდეს. განა სწორედ ტრავმების გამო არ მოუწია კონტეს 4-1-4-1 სქემის 3-4-3-ზე გადაწყობამ?
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე „ნაპოლი’’ უპირველეს ყოვლისა ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. განიხილებოდა „ჯენოაში’’ მოთამაშე 24 წლის მორტენ ფრენდრუპის კანდიდატურა, მაგრამ დანიელის შეძენა „ნაპოლიზე’’ მეტად „რომას’’ სურს. ფიქრობდნენ 20 წლის ინგლისელ კობი მაინუზე, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ წასვლას გეგმავს. მაინუ ნეაპოლელთათვის უფრო სასურველი კანდიდატია.
როგორც ნეაპოლში გამომავალი რეგიონული გაზეთი „ილ მატინო’’ წერს, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე 50 მილიონი ევროთი შეიარაღებული „აძური’’ შემტევ ფლანგის მოთამაშეს დაუწყებს ძებნას. მას მერე, რაც სამი თავდამსხმელით თამაშზე გადაერთო და დავიდ ნერეშსაც ფრთები შეესხა, კონტემ აღმოაჩინა, რომ ვინგერები აკლია. ჰოლანდიელი ნოა ლანგი სტაბილური არ არის, მატეო პოლიტანო კი უფრო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა ვიდრე თავდამსხმელად. შესაძლოა, სწორედ ამ პოზიციაზე ხედავენ ნეაპოლელი სკაუტები წიტაიშვილს.
გარემარბის გარდა არის კიდევ ერთი ვაკანსია ― მარჯვენა სათადარიგო მცველის. ერთი სიტყვით, ხელშეუხებელ ჯოვანი დი ლორენცოს ათასში ერთხელ შემცვლელი სჭირდება. „ნაპოლი’’ ზაფხულში „სევილიასგან’’ 22 წლის ხუანლუ სანჩესის შეძენას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ვაკანსია ვაკანსიად დარჩა. ახლა „ნაპოლი’’ „ჯენოაში’’ მოთამაშე 21 წლის ინგლისელზე ბრუკ ნორტონ-კაფისა და 25 წლის „ბაიერნში’’ მოთამაშე ფრანგ საშა ბოეიზე ფიქრობს.
რაც შეეხებათ გასაყიდებს. ნეაპოლელები ხუთი მოთამაშის გასხვისებას აპირებენ. ისინი არიან 22 წლის ნახევარმცველი ანტონიო ვერგარა, მისი ტოლი თავდამსხმელი ჯუზეპე ამბროზინო, 21 წლის ცენტრალური მცველი ლუკა მარიანუჩი, 30 წლის განაპირა მცველი პასკუალე მაცოკი და 25 წლის ფორვარდი ლორენცო ლუკა.





