
თუ კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს „პარი სენ ჟერმენს’’ სასამართლო დავას მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ხელფასი და პრემიები დააკლეს, მისი ჯიბე 60 მილიონი ევროთი შეივსება. დიდი ალბათობით საქმე აქეთკენაც მიდის, მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ცნობისწადილი გამოიწვია: პარიზულ კლუბს ავალდებულებენ ფეხბურთელისთვის ეგრეთწოდებული „ეთკის ბონუსის’’ სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდას, რაც საფრანგეთს გარეთ, ზოგ ქვეყანაში ცოტა გაუგებარი რამ გახლავთ.
ეს ფრაზა „ეთიკის ბონუსი’’ მედიამ ადრეც ახსენა, როდესაც „ელ მუნდომ’’ ნეიმარის და იმავე პსჟ-ს კონტრაქტის დეტალები მოიძია. ბრაზილიელი ფორვარდის კონტრაქტი „ეთიკური გადახდის’’ სახით თვეში 541 680 ევროს გულისხმობდა, მბაპეს შემთხვევაში კი ის 500 000 ევრო ყოფილა. ნეიმარის შესახებ გამოქვეყნებულ წერილებში ეწერა, რომ ფეხბურთელი ვალდებული იყო გამოემჟღავნებინა თავაზიანობა და მეგობრული განწყობა გულშემატკივრების მიმართ, რომელთაც მასთან კონტაქტის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ. ნათქვამი იყო აგრეთვე, რომ ის ყოველი თამაშის წინ და მერე ქომაგებს უნდა მისალმებოდა დასხვა.
საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით: ინგლისში კლუბებს ფეხბურთელის დასჯა შეუძლიათ, მაგრამ თანხა ორი კვირის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს, საფრანგეთში კი ხელფასის დაქვითვა უბრალოდ არ შეიძლება. შესაბამისად, ფრანგულმა კლუბებმა მოიგონეს „ეთიკის ბონუსი’’ ანუ მოთამაშეს კონკრეტულ გასამრჯელოზე რომ გაურიგდებიან, თანხის ნაწილს „ეთიკის ბონუსის’’ სახით უხდიან და თუ სპორტსმენი კონტრაქტის ამ ნაწილში ჩაწერილ რომელიმე პუნქტს დაარღვევს, ფულსაც დაუქვითავენ. 2021 წელს თქვეს, რომ ნეიმარი გულშემატკივრისთვის ტაშის დაკვრაში დამატებით ფულს იღებდა, მაგრამ დეტალებში ჩაღრმავებამ სხვა სურათი დახატა: ბრაზილიელი მორალური კოდექსის პუნქტებს არ იცავდა. წესით ის თავაზიანი უნდა ყოფილიყო მსაჯების (და სპონსორების) მიმართ, ვარჯიშებზე დროულად უნდა მისულიყო და ტოტალიზატორებში ფსონები არ დაედო.
„კლუბები თავიანთი იმიჯის დაცვით ძალიან არიან დაინტერესებულები. მათ არ უნდათ, რომ ვინმემ გააკრიტიკოს, ამიტომ მოიგონეს კარგი ყოფა-ქცევის პუნქტები. მეგოლფე ტაიგერ ვუდსისა და ველომრბოლელ ლენს არმსტრონგისთვის ასეთი რამ ნაცნობია, ყოფა-ქცევის პუნქტები სპონსორებთან კონტრაქტში ჰქონდათ ჩაწერილი. ეთიკური საკითხების ხელშეკრულებაში შეტანა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ფრიად მიღებული რამ არის’’, ― განმარტა საფეხბურთო ფინანსების ექსპერტმა კირეან მაგუაირმა.
2018 წელს პსჟ-ს იტალიელ ფეხბურთელს მარკო ვერატის „ეთიკის ბონუსის’’ ნაწილი მანქანის სიმთვრალეში მართვის გამო დაექვითა. მატერიალურად დაისაჯა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჰატემ ბენ არფაც, რომელიც ყატარში შეკრებაზე არ ჩავიდა. 2023 წელს თვით ლეო მესისაც კი დაუქვითეს „ეთიკის ბონუსის’’ ნაწილი. მიზეზი: დიდი არგენტინელი ნებართვის გარეშე გაემგზავრა საუდის არაბეთში.





