ძმები: რაფინია და ტიაგო

37 წლის რაფინიამ, ოფიციალურად რაფაელ ალკანტარამ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ბრაზილიელი მაზინიოს შვილმა და ტიაგო ალკანატარას უფროსმა ძმამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ორშაბათს მან ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. რაფინია „ბარსელონას’’ აღზრდილია, თამაშობდა კატალონიელთა B და მთავარ გუნდებში, საიდანაც იჯარით გადავიდა ჯერ „სელტაში’’, შემდეგ „ინტერში’’, შემდეგ ისევ „სელტაში’’, რის მერეც თავისუფალი აგენტის სტატუსით „პარი სენჟერმენმა’’ წაიყვანა. პარიზელებმა რაფინია 39 მატჩის შემდეგ „რეალ სოსიედადში’’ იჯარით გაუშვეს, საიდანაც ყატარში, კერძოდ „ალ-არაბიში’’ გადავიდა და სამ წელიწადში კარიერა იქ, დოჰაში დაასრულა. მისი კონტრაქტი „ალ-არაბისთან’’ 2024 წლის ივნისში ამოიწურა, რის მერეც ვეტერანი უგუნდოდ დარჩა და, როგორც ჩანს კარგახნიანი ლოდინის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ფეხბურთელის კარიერას ვეღარ გააგრძელებდა.

ამრიგად, რაფინია ალკანტარამ სოციალურ მედიაში დადო ვიდეო, რომელშიც თავისი კარიერა სამ ნაწილად დაყო: ესპანური ლა ლიგის სამგზის (2015, 2016, 2019) ჩემპიონობა და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, საფრანგეთის ჩემპიონობა 2022 წელს და 2016-ში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონობა.

„დიდი პატივია შენთან ამდენი საზიარო მოგონების ქონა, ჩემო ძმაო. გილოცავ, შენ დიდებული კარიერა დაასრულე’’, ― ამბობს ვიდეოში პსჟ-ს კაპიტანი და რაფინიას თანამემამულე მარკინიოსი.