ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩის მოგება ვერ შეძლო, შინ „ლა სერამიკაზე’’ „ბარსელონასთან’’ დამარცხდა 0:2. მასპინძლებს არ გაუმართლათ, პირველივე ტაიმში ათი კაცით დარჩნენ მოედანზე. ლამინ იამალის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯეს პორტუგალიელი რენატო ვეიგა. სტუმართაგან გოლები გაიტანეს რაფინიამ (12) პენალტით და იამალმა (63).

მიქაუტაძე მოედანზე აიოზე პერესის ნაცვლად 65-ე წუთზე ანუ მეორე გოლის გაშვებიდან ორი წუთის შემდეგ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეუშვეს. ქართველმა თავიდან გაამწვავა შეხვედრა. პირველსავე ეპიზოდში მას „ბარსას’’ საჯარიმოში ფეხში მეტოქის ფეხი მოხვდა და წაიქცა. მის რეაქციას ეტყობოდა, რომ გვარიანად ეტკინა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და არც VAR-მა მოუწოდა არბიტრს მომენტის გადახედვისკენ. შემდეგ იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც ჟორჟს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდა.

„ვილიარეალის’’ მწვრთნელ მარსელინოს მსაჯთან პრეტენზია მიქაუტაძის ეპიზოდის გამო არ ჰქონია. მას მიაჩნდა, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მეკარე ჟოან გარსიას მიერ რაფა მარინის წაქცევის გამო უნდა დაენიშნა.

„ამ შეხვედრაში ორი პენალტი იყო, ერთი პირველ ტაიმში და მეორე ― მეორეში. პირველი დანიშნეს, მეორე ― არა. რაც შეეხება გაძევებას, ის შეიძლება სამართლიანი იყო, მაგრამ უფრო უხეში დარღვევების გამო არ-გაძევებული ფეხბურთელებიც მინახავს. ჩემი აზრით ამ შეხვედრაში დარღვევა უფრო ნარინჯისფერ ბარათს იმსახურებდა, ვიდრე წითელს. ცოტა საჩოთიროა, როდესაც ასეთ მატჩში, პირველსავე ტაიმში ასეთი დარღვევისთვის ერთ გუნდს 10 კაცით ტოვებ თერთმეტის წინააღმდეგ. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს როგორც თერთმეტი კაცით, ასევე ათით. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. მარტო პირველ ტაიმში რვა საგოლე მომენტი შევქმენით, ერთიც გავიტანეთ, მაგრამ ის ოდნავი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. რას იზამ, ეს ფეხბურთია, ხანდახან არ გიმართლებს. მთავარია, რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. საჭიროა, სხვა დროს საჯარიმო მოედანში უფრო შედეგიანად ვიმოქმედოთ’’.

მიქაუტაძე სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს:

Flashscore – 6.3; whoscored – 6.4; sofascore – 7.0; fotmob ― 6.6