თუკი დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები რამეზე ლაპარაკობენ ეს მეკარეების საკითხია. რუსმა მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიეს ტრავმით ისარგებლა და რამდენიმე შეხვედრაში ისე ეფექტურად ითამაშა, რომ როგორც Maxifoot წერს, კარში იერარქია შეარყია.
შეგახსენებთ, რომ შევალიე ნოემბრის ბოლოს „მონაკოსთან’’ (0:1) შეხვედრაში დაშავდა და შემდეგ ტურში „რენთან’’ (5:0) ლუის ენრიკე იძულებული გახდა პსჟ-ს კარი საფონოვისთვის ჩაებარებინა. რუსმა ამ შეხვედრაში ესტებან ლეპოლის დარტყმა ბრწყინვალედ მოიგერია. შემდეგ იყო თამაშები „ბილბაოსთან’’ (0:0), „მეცთან’’ (3:2, მეცელთა ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილმა შეაგდო) და „ფლამენგოსთან’’ (1:1, პენალტების სერიაში გაიმარჯვა პსჟ-მ). ბრაზილიელებთან თამაშის ბოლოს საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში საფონოვმა ხელი მოიტეხა და ხსენებული ოთხი პენალტიდან ოთხივე თუ არა, ერთი მაინც მოტეხილი ხელით მოიგერია. გაჩნდა კითხვა: ხელი რომ არ მოეტეხა, შემდეგ შეხვედრაში პარიზელთა კარში ისევ საფონოვი დადგებოდა თუ არა? იქნებ ლუის ენრიკე მას მაინც სათადარიგოთა სკამზე დასვამდა და კარს თავის ფავორიტ შევალიეს ანდობდა?
Maxifoot იხსენებს, რომ პსჟ-ს ესპანელი თავკაცი „რენთან’’ თამაშის დღიდან ცდილობდა მეკარეებზე ლაპარაკისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ რაკი მას მერიტოკრატიის ანუ თანამდებობების დამსახურების მიხედვით დარიგების სწამს, სავარაუდოდ კარში კვლავ საფონოვს ვიხილავდით. ამას მიგვანიშნებს „მეცთან’’ შეხვედრა, როდესაც შევალიე უკვე გამოჯანმრთელებული იყო, მაგრამ ლუის ენრიკემ რუსი ათამაშა.
„საფონოვმა ბარიერი გადალახა. ვფიქრობ დღეს ლუის ენრიკესთვის ნომერი ერთი და ნომერი ორი არ არსებობს, კარში საუკეთესო ჩადგება. საფონოვის არყოფნაში კი ყველაფერი შევალიეზეა დამოკიდებული. როგორ წარმოაჩენს იგი თავს? თუ მომენტით ვერ ისარგებლებს, მაშინ კარში ისევ საფონოვი დადგება’’, ― თქვა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ლიონელ შარბონიემ, რომელიც პოდკასტ After Foot-ში ექსპერტად მუშაობს.
მისი აზრით შევალიეს „პარი სენ ჟერმენის’’ გასახდელში ინტეგრაციის პროცესი ჯერ არ დაუმთავრებია.
„მე რასაც ვამბობ, ის მოედანს მიღმაა. ჯგუფის სრულყოფილ წევრობას ვგულისხმობ. საფონოვი პსჟ-ს გასახდელში ძალიან, ძალიან, ძალიან მოსწონთ, შინაურია. მართალია ის გუნდში სულ რაღაც ერთი წლის წინ გადავიდა, მაგრამ მუდმივად იღიმის და ბიჭებში გათქვეფილია. ეს მე დაზუსტებით ვიცი. შევალიე კი ასე არ არის’’, ― განმარტა „ოსერის’’ ყოფილმა მოთამაშემ.





