Zuriko Davitashvili of Saint Etienne during the Ligue 2 BKT match between Annecy and Saint-Étienne at on October 25, 2025 in Annecy, France.„სენტ ეტიენის’’ ორმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს მედიის ყურადღება მიიპყრო და სავარაუდოდ ზამთარშიც იგივე მოხდება. ლაპარაკია ლუკა სტასენსა და ზურიკო დავითაშვილზე, რომელთა შეძენას, როგორც კი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, ბევრი მოინდომებს. თუმცა, საინტერესოა, რომ „მწვანეების’’ მწვრთნელს ერიკ ჰორნელანდს ეს როგორც თავად ამბობს მაინცდამაინც არ ადარდებს.

ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ლაპარაკისას ჰორნელანდმა კმაყოფილება გამოხატა, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ ზაფხულში სატრანსფერო ვნებათაღელვამ თავდამსხმელს ყურადღება გაუფანტა:

„გასულ ზაფხულს, ამდენი კლუბის ინტერესის ფონზე მან ცოტა ფოკუსი დაკარგა, მაგრამ არ მგონია იგივე იანვარშიც განმეორდეს. იანვრის გამო არ ვნერვიულობ. მას ესმის, რომ საუკეთესოდ მხოლოდ მაშინ თამაშობს, როდესაც მობილიზებულია. ის ვარჯიშებზე მაქსიმალურად ინდომებს და მოედანზე ყოფნა ძალიან უყვარს. ვფიქრობ, გაკვეთილი ისწავლა. ფეხბურთელის მთელი კარიერაც ხომ ეს არის: შეცდომაზე უნდა ისწავლო, რომ მერე იგივე არ გაიმეორო’’.

ჰორნელანდმა „სენტ ეტიენის’’ ბელგიელ ვარსკვლავზე, სტასენზეც ილაპარაკა: „ლუკაც ზუსტად იმავე მდგომარეობაშია. მისი შეძენა რამდენიმე კლუბს უნდოდა და მედიის ყურადღებამ იმოქმედა. ზაფხულში ორივე ფეხბურთელს ყურადღება გაეფანტა, ფეხბურთზე ვეღარ ფიქრობდნენ. როგორც კი სტასენმა ეს პრობლემა დაძლია და ტრავმა მოიშუშა, ჩინებულად დაიწყო ვარჯიში. დღეს მოედანზე მის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ.

მე ამ ბიჭებს არ ვამტყუნებ. მათ ასაკში ყურადღების ცენტრში მოქცევა ძნელია. ყველა ვერ უმკლავდება. ჩვენ კი აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ აბ ბიჭებს უნდა დავეხმაროთ. ვცადეთ მათი კალაპოტში დაბრუნება, რაც საჭირო იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ისინი სწორ გზაზე დგანან. ვფიქრობ, ლუკა სტასენსა და ზურიკო დავითაშვილს როგორც ლიგა 2-ისთვის ასევე ლიგა 1-ისთვის საკმარისი ოსტატობა მოსდევთ. ისინი სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან და გვინდა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშონ’’