Real Madrid and Barcelona lock horns on Sunday.ვითომ „რეალსა’’ და „ბარსელონას’’ შორის ურთიერთობა უმჯობესდება? სრულებითაც არა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიშვირა თითი კატალონიური კლუბისკენ და საზოგადოებას ხოსე ნეგრეირას საქმე შეახსენა. მისმა ბარსელონელმა კოლეგამ ჟოან ლაპორტამ ეს აგრესიად მიიჩნია და სიტყვას სიტყვით უპასუხა.

არადა, სუპერლიგის შექმნის საქმეში პერესი და ლაპორტა თანამოაზრეები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში ასეთი ლიგა უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ… სუპერლიგის საკითხში ერთ აზრზე ყოფნა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საკმარისი არ არის. გარედან ისე ჩანდა, თითქოს ორ პრეზიდენტს შორის ბოლოხანს ზავი ჩამოვარდა, თუმცა ნეგრეირას საქმე კონფლიქტის კატალიზატორი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ნეგრეირა ესპანეთის მსაჯთა კომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, რომლისთვისაც, როგორც გაირკვა, „ბარსელონას’’ 2001-2018 წლებში არაერთხელ გადაურიცხავს ფული. გამოძიებას ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს ქრთამი იყო.

პერესმა ზემოხსენებულ ინტერვიუში თქვა: „ნეგრეირას საქმე საფეხბურთო სამყაროში ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზული ამბავია. როგორც შევიტყეთ, „ბარსელონამ’’ მსაჯთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტს არბიტრთა საქმიანობის შეფასებისათვის 8 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს შეფასებები გუნდის მწვრთნელებს თვალით არ უნახავთ. ჩვენს ფეხბურთს ჩირქი მოეცხო. სამართლიანობა უნდა აღდგეს. არ დაგავიწყდეთ, რომ მოსამართლემ ამას სისტემური კორუფცია უწოდა’’.

პერესის ეს ნათქვამი ბევრჯერ დაატრიალა „ბარსელონას’’ სიძულვილით ცნობილმა „რეალის’’ ტელეარხმა და კატალონიიდან პასუხმაც არ დაიგვიანა.

„ისინი ცინიკურები და ქედმაღლები არიან. მათ აქვთ უსინდისო ტელეარხი, რომლის საშუალებითაც ტყუილებს ავრცელებენ და დისკუსიაში რეგულარულად ურევენ შხამს’’, ― მძვინვარებდა „ბარსას’’ ბოსი კლუბის მიერ ორგანიზებულ საშობაო ვახშამზე.

ლაპორტა: „რასაკვირველია შურს იწვევს ის დონეც, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. „ბარსა’’ 17 ტურის შემდეგ „რეალს’’ 4 ქულით უსწრებს. ამ ლიგას ძალიან ცუდად მართავენ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ უპატიოსნო მეთოდებს, არად დაგიდევენ ქცევის ელემენტარულ ნორმებს იქნება ეს ეთიკური თუ მორალური და სპორტის ჩარჩოებსაც ცდებიან. იმედი მაქვს, რომ ხვდებით ვისზეც ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე, რომელიც ჩვენი ემბლემისა და არსის წინააღმდეგ დაუღალავად აწყობს ცილისმწამებლურ კამპანიებს. ისინი ძალაუფლებას და ბრმა დესპოტიზმს ერთმანეთში ურევენ, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით. მადრიდში თქვენ ძალაუფლებას გრძნობთ, ბარსელონაში კი თავისუფლებას’’.

„ბარსელონას’’ პრეზიდენტმა აგრეთვე თქვა, რომ მადრიდში „ბარსელონას’’ და ნეგრეირას თემით შეპყრობილები არიან, თუმცა… იმავე სეტყვაში მოახერხა ჩაესვა ფრაზა, რომ ფლორენტინოსთან კარგი ურთიერთობა აქვს.