„ამ შეხვედრის გმირი ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს მატვეი საფონოვია, რომელმაც განაახლა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე. პენალტების სერიაში ოთხი დარტყმის მოგერიებით მან პარიზულ კლუბს წლის მეექვსე ტიტული მოუტანა და ეს მოხდა იმ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ცუდად ჩაატარეს’’ ― წერს „პარიზიენი’’ საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრის მეორე დღეს. დოჰაში პსჟ-მ „ფლამენგოსთან’’ ძირითად დროში 1:1 ითამაშა. დამატებითში გოლი აღარ გასულა, ხოლო რა მოხდა თერთმეტმეტრიანების სერიაში, უკვე გავიხსენეთ. ანგარიში 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, 62-ზე კი ჟორჟინიომ პენალტით გაათანაბრა.

არადა, შეხვედრის წინ დაზუსტებით არც კი იყო ცნობილი ქნებოდა რუსი სასტარტო შემადგენლობაში თუ არა. ითქვა, რომ ლუკა შევალიემ „მონაკოსთან’’ ნატკენი ფეხი მოიშუშა და შესაძლოა ძელებს შორის თავის ადგილს დაბრუნებოდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ისევ საფონოვის თამაში ამჯობინა და მართალი გამოდგა. თავიდან საფონოვს წყნარი მატჩი ჰქონდა, მხოლოდ ერთი დარტყმული მოიგერია და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჟორჟინიოს დარტყმული პენალტი გაუშვა, მაგრამ თერთმეტმეტრიანების სერიაში საულ ნიგუესი, პედრო, ლეო პერეირა და ლუიშ არაუჟო გაამწარა. ამან ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლას უზუსტო დარტყმები გადაწონა.
ნუნუ მენდეში: ჩვენ მატჩის შემდეგ მას მადლობა გადავიხადეთ. ის დიდებული ადამიანია, რომელიც ყველას უღიმის’’
უეინ ზაირ-ემერი: „ის მზად იყო, მომენტს ელოდა. მან თავისი ოსტატობა აჩვენა. რომ გადმოვიდა გუნდს იოლად შეეწყო, ფრანგული მალე ისწავლა, ყურადღებიანია და თავდადებული. ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება’’.
„პარიზიენი’’ შეგვახსენებს, რომ ზაფხულში ევროპის სუპერთასის გმირიც მეკარე იყო, ოღონდ სხვა ― ლუკა შევალიე, რომელმაც „ტოტენჰემთან’’ ხსენებულ შეხვედრის ბოლოს ორი პენალტი მოიგერია. გუშინ ის კოლეგის წარმატებას ალბათ თან შეჰხაროდა და თან სწყინდა.
რაც შევალიე დაშავდა საფონოვმა ოთხ შეხვედრაში სამი გოლი გაუშვა. ჟორჟინიოს დარტყმული პენალტის წინ მას „მეცთან’’ შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილმა გაუტანა.
„ფლამენგოსთან’’ შეხვედრის გმირის ქების გარდა „პარიზიენი’’ წერს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგულმა კლუბმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. გაზეთი შეგვახსენებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატს, სადაც ჯერ კიდევ ახალმოგებული ჩემპიონთა ლიგის ხიბლში მყოფმა პარიზელებმა „ბოტაფოგოსთან’’ 0:1 წააგეს და ამბობს, რომ პსჟ-ს ბრაზილიურ გუნდებთან თამაში უჭირს, რადგან მათ ფიზიკური ორთაბრძოლები უყვართ და მენტალიტეტში შეუპოვრობა უზით. ისინი ღონიერი ფეხბურთით პსჟ-ს ფლანგებს უბლოკავენ და ნახევარდაცვიდან შეტევების განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ. „პარიზიენს’’ მიაჩნია, რომ პსჟ-ს გოლი შეხვედრის დასაწყისში რომ გაეტანა უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ კვარაცხელიამ ტაიმის ბოლოსკენ შეაგდო, მეორე ტაიმში კი გასულ წელთა გმირმა მარკინიოსმა მეტოქეს პენალტის სახით საჩუქარი მიართვა. კაპიტანი ამ ბოლო დროს მოწინააღმდეგეებს საჩუქრებს ურიგებსო, წერს გაზეთი და „ბაიერნთან’’ შეხვედრას შეგვახსენებს, როდესაც მარკინიოსი უხეშად შეცდა, ლუის დიასს ბურთი უბოძა და მეორე გოლის გატანის საშუალება მისცა.
პარიზული გაზეთი შფოთავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გუნდს ამ ბოლო დროს თავისი ოსტატობა და თეორიული უპირატესობა ანგარიშში ვერ გადააქვს, ენერგეტიკული ვარდნა მოსდის, ამიტომ სავარაუდოდ დროა ფეხბურთელებმა ცოტა დაისვენონ.
„პარიზიენი’’ ფიქრობს, რომ შარშანდელი იანვრის მსგავსად წლეულს ლუის ენრიკეს გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას მასშტაბის ახალწვეული ვეღარ შეემატება და ამიტომ მწვრთნელმა გამოჯანმრთელებული ვარსკვლავების ხარჯზე უნდა განვლოს სეზონი. აქ გაზეთი ახსენებს დეზირე დუეს და აქებს ფრანგს იმის გამო, რომ პარიზელთა შეტევებს სიმწვავე შეჰმატა და გოლის ეპიზოდში კვარაცხელიას ჩინებული ასისტენტობა გაუწია.
