Donald Trump put on a show, notably performing his famous dance, during the World Cup draw, assisted by FIFA President Gianni Infantino. Reuters/Mandel Nganჯონ ტექსტორი ექსტრავაგანტური კაცია, რომელიც სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება და მედიასაც ამიტომ უყვარს. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „ლიონის’’ პრეზიდენტი იყო, RMC sport-ის გადაცემა Rothen s’enflamme-ში მონაწილეობდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ „ლიონის’’ პრეზიდენტის რანგში თავის წინამორბედს ჟან-მიშელ ოლას დაესხა თავს, შემდეგ კი… დონალდ ტრამპსაც გადასწვდა. ტრამპის შვილები მისი მეზობლები ყოფილან.

„ტრამპზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ, ― თქვა ტექსტორმა ― ერთადერთი, მე პალმ ბიჩში ძალიან პატარა სახლში ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ ჩემს მეზობლად გადმოვიდნენ მისი შვილები უმცროსი დონალდი და ერიკი. ამის გამო საიდუმლო სამსახურის მანქანები პარკინგში ჩასასვლელს მიკეტავენ. სწორედ იმ ჩასასვლელს, რომელსაც პატარა ლოგოტიპი Eagle Football (მისი ჰოლდინგის სახელწოდება, რომელიც ფლობს ბრაზილიურ კლუბ „ბოტაფოგოს’’, „ლიონს’’, ბელგიურ „მოლენბეკს’’, ნაწილობრივ ფლობდა ინგლისურ „კრისტალ პალასს’’ და სხვა) ამშვენებს. ეს ხალხი არას დაგიდევს, ჯიუტად ჩემი პარკინგის შესასვლელთან აყენებს თავის მანქანას. ასე რომ, ტრამპთან დაკავშირებით ჩემი პრობლემა ძირითადად მის შვილებთან და მანქანის დაყენებასთან არის დაკავშირებული’’.

არადა, ტექსტორმა აშშ-ს პრეზიდენტს ადრე, 2024 წლის ნოემბერში, „ეკიპისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში “asshole” უწოდა. ახლა კი, როდესაც მას ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოსა და ტრამპის ურთიერთობებზე ჰკითხეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, საუბარი მანქანის დასაყენებელ ადგილზე გადაიტანა.

„ვაკვირდები, როგორ აშუქებს მედია ტრამპის და ინფანტინოს ამ ეგრეთწოდებულ bromance-ს („ძმურომანი ანუ ძმური რომანი). მე ინფანტინოს შევხვედრივარ და მომწონს ეს კაცი, მაგრამ მას და ტრამპს შორის კონკრეტულად რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს. შორიდან ეს ყველაფერი პიარ კამპანიას ჰგავს. ამის შესახებ ჩემზე კარგად თქვენ გეცოდინებათ. მე არ ვიცი. მე ჩემი პარკინგის დარდი მაქვს და სულ ეს არის’’.