„პარი სენ ჟერმენს’’ ხვალ საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ „ფლამენგოსთან’’ აქვს თამაში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ყატარში გამგზავრების წინ გუნდური ფოტო გადაიღო, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტოზე ცუდად ჩანს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი (მას წინა რიგში მდგომი ხვიჩა კვარაცხელია ეფარება), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ პარიზელთა სოციალური მედიისა და მარკეტინგის ჯგუფმა ის განზრახ ამოშალა. გამოქვეყნებულ სურათზე რუსის მარტო ფეხები და ტანის ნაწილი ჩანსო.

საფონოვმა გადაწყვიტა ჭორებისთვის წერტილი დაესვა და თავის „ტელეგრამ არხზე’’ დაწერა: „შეიძლება ისე ჩანს, რომ მე აქ არ ვარ, მაგრამ აქ ვარ. ჯგუფურ ფოტოებზე ადგილის შერჩევისას თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ. ჩემი აზრით, თუკი ფოტოზე ვინმე გეფარება დაწყნარდი და სურათს ნუ გააფუჭებ.

P.S. ბევრმა თქვა, რომ ფოტოშოპი გამოიყენეს. არა, აქ მე ვარ მიყუჟული’’.

საფონოვი კარგად ჩანს ვიდეოზე, რომელიც ასევე თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ არის გადაღებული. წერენ, რომ პარიზული კლუბის სოცმედიისა და მარკეტინგის ჯგუფს რუსის წაშლა რომ ნდომოდა, ფეხებსაც წაშლიდა.