საშობაო სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ორი კვირით ადრე თითქოს მინიშნება იყოო, „ლივერპულს’’ „ბრაიტონთან’’ შეხვედრაში (2:0) ჯო გომესი დაუშავდა. ეს მოხდა შეხვედრის მე-20 წუთზე. 28 წლის ფეხბურთელს ახლა ათასგვარ ექოსკოპიას გადაუღებენ და დაადგენენ, რამდენი ხანი უნდა იმკურნალოს და იუქმოს. ბედის ირონიაა, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ეს იყო გომესისთვის ყველაზე სტაბილური პერიოდი ― ზედიზედ ოთხი გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში და ერთი შესვლა შეცვლაზე. არნე სლოტს კი დამატებითი თავსატეხი გაუჩნდა. მცველია საყიდელი.
სლოტს აქამდეც აღუნიშნავს, სულ რამდენიმე ცენტრალური მცველი მყავს და მათ ძალიან ბევრი თამაში უწევთო. „ბრაიტონთან’’ თამაშის წინ ჰოლანდიელმა თქვა: „დასვენება ხანდახან ფეხბურთელებსაც სჭირდებათ. შეხედეთ დომინიკს, ვირჯილს, იბუს, რაიანს. მათ ძალიან ბევრი თამაში მოუხდათ, რადგან დანარჩენები დაშავებულები იყვნენ’’.
ვან დაიკმა მიმდინარე სეზონში როგორც პრემიერლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა, იბრაჰიმა კონატეს კი 1942 წუთი აქვს ნათამაშევი, რაც მესამე შედეგია. მას მოსდევს რაიან გრავენბერხი, რომელმაც ამ სეზონში 1654 წუთი ითამაშა და სლოტს დაცვის ცენტრში ერთ-ერთ სამარქაფო ვარიანტად მიაჩნია.
დროებითი გამოსავალია ამ პოზიციაზე ვატარუ ენდოს თამაშიც, მაგრამ ის რამდენიმე კვირით თავად დაშავდა. ენდი რობერტსონი და მილოშ კერკეზი მარცხენა მცველის პოზიციაზე ცვლიან ერთმანეთს.
ფეხბურთელების დაღლა იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ სლოტს წამოსცდა, თასიდან რომ გავვარდით ლამის გამიხარდაო. სიტყვა ლამის შეიძლება ზედმეტიც კი იყო.
19 წლის ბიჭები ამარა ნალო და ველიტი ლაკი, რომლებიც „კრისტალ პალასთან’’ 0:3 წაგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდნენ, ჯერ განაცხადის სრულფასოვან წევრებად არ მიიჩნევიან, ამიტომ კონატეს წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა დაცვის ცენტრში ვან დაიკის და სობოსლაის წყვილი ვნახოთ.
გამოდის, რომ საახალწლოდ სკაუტების შეფს რიჩარდ ჰიუზს ბაზრის სერიოზული შესწავლა მოუწევს. შესაძლოა „ლივერპული’’ დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს „კრისტალ პალასთან’’, რომლის კოტ დ’ივუარელი მცველი 25 წლის მარკ გუეი 35 მილიონად „ენფილდზე’’ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, სამედიცინო შემოწმებაღა ჰქონდა დარჩენილი. ახლა „კრისტალ პალასის’’ ხელმძღვანელობა დილემის წინაშე აღმოჩნდება, გუეის სანაცვლოდ ახალ წელს თანხა მიიღონ თუ ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე თვით დაიტოვონ და ზაფხულში უკაპიკოდ გაუშვან.
ცნობილია, რომ „ლივერპული’’ სხვა მცველების შეძენითაც იყო დაინტერესებული. ესენია „სპორტინიგის’’ ოსმან დიომანდი და ზენო დებასტი, „ბრიუგეს’’ ჟოელ ორდონესი და „ვოლფსბურგის’’ კონსტანტინოს კულიერაკისი. ამ ფეხბურთელებიდან 21 წლის ორდონესის გარდა ყველა 22 წლისაა და კულიერაკისის გარდა ყველა ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.
შეიძლება კიდევ ორი მოთამაშის დასახელება, რომელთა შეძენაზე „წითლები’’ აქტიურად ფიქრობენ. ესენი არიან ნიკო შლოტერბეკი „დორტმუნდიდან’’ და ალესანდრო ბასტონი „მილანიდან’’, თუმცა მათ სავარაუდოდ თავიანთი კლუბები არ გაუშვებენ.





