„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე არიან.
ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო საინტერესო: საფრანგეთში გამართულ ქართულ დერბიში, მასპინძლეთა მხრიდან მონაწილეობა გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა მიიღეს, სტუმართაგან კი ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა მათ თავიდან ბოლომდე არ უთამაშიათ.
წიტაიშვილი მეცელთაგან საუკეთესო იყო. ის მე-80 წუთზე აბუაშვილით შეცვალეს, კვარაცხელია კი საქმეში 66-ე წუთზე ჩაერთო.
ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა წიტაიშვილს 7.5 ქულა დაუწერა, სიტყვიერად კი მისი თამაში ასე აღწერა: „მეცელთა ფრთის მოთამაშემ, რომელიც შეხვედრის დასაწყისში თავდაცვით იყო მეტისმეტად დაკავებული და ამიტომ შედარებით მოკრძალებული ჩანდა, თამაში ფრთაშესხმულმა დაასრულა. პირველ ტაიმში დემენგემ მისი მწვავე ჩაწოდების შედეგად გაიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძელი გუნდის გამოცოცხლება დიდწილად მისი დამსახურება იყო. წიტაიშვილმა მარცხენა ფრთაზე რამდენიმე სახიფათო გარღვევა შეასრულა, წერტილი კი საუცხოო გოლით დასვა, როდესაც ზაირ-ემერი მოატყუა, შემდეგ ჰეინისგან ჭკვიანური პასი მიიღო და ბურთი კარში ყუმბარასავით შეაგდო. ის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო’’.
Maxifoot შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს არ აფასებს, რის გამოც კვარაცხელიამ და აბუაშვილმა ქულები ვერ მიიღეს.
Flashscore
წიტაიშვილი (7.2) ― დემინგესთან ერთად „მეცის’’ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება.
აბუაშვილი არ შეფასებულა.
კვარაცხელია (6.7) ― ყველაზე დაბალი შეფასება ორი გოლის გამშვებ მატვეი საფონოვთან და წიტაიშვილისგან დაჩაგრულ ორენ უზაირ-ემერისთან ერთად.
Sofascore
წიტაიშვილი (8.0) ― ყველაზე მაღალი შეფასება არა მარტო თავის გუნდში, არამედ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელ იბრაჰიმ მბაიესთან ერთად.
აბუაშვილი (6.4) ― ყველაზე დაბალი შეფასება „მეცის’’ კიდევ სამ თანაგუნდელთან ერთად.
კვარაცხელია (6.6) ― პარიზელთაგან მასზე დაბალი შეფასება მიიღეს საფონოვმა და ზაირ-ემერიმ.
Whoscored
წიტაიშვილი (7.7) ― ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდში კანგ-ინ ლისთან ერთად მბაიესა და გონსალო რამოსის შემდეგ.
აბუაშვილი (5.9) ― ყველაზე დაბალი შეფასება ორივე გუნდში.
კვარაცხელია (6.2) ― პსჟ-ში მასზე დაბალი ქულა ბერალდომ მიიღო.
Fotmob
წიტაიშვილი (7.8) ― თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება, ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის კი მეხუთე.
აბუაშვილი არ შეფასებულა.
კვარაცხელია (6.4) ― პარიზელთაგან მასზე დაბალი შეფასება აქვს საფონოვს, მეცელთაგან კი კიდევ სამ ფეხბურთელს.





