
თურქულ ფეხბურთში სკანდალი გრძელდება. ორშაბათს სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მთავარი და მეორე ლიგის თერთმეტი ფეხბურთელი პატიმრობაში დატოვა. მათგან ცხრას ბრალად თავიანთი გუნდების შეხვედრებზე ფსონების ჩასვლა ედება.
გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ხუთი უმაღლესი დივიზიონის ფეხბურთელი. მათ შორის არიან „გალათასარაის’’ მცველი მეტეჰან ბალტაჩი, „ქონიასფორის’’ სენეგელელი გარემარბი ალასან ნდაო და „ფენერბაჰჩეს’’ ნახევარმცველი მერთ ჰაქან იანდასი, რომელსაც ტოტალიზატორში მესამე პირის დახმარებით თამაშს ედავებიან.
კიდევ ცხრა ადამიანს შორის, რომლებიც სასამართლომ საპატიმროში დატოვა ორი მესამე ლიგის კლუბის პრეზიდენტია. მათ ბრალად 2023-24 წლების სეზონის შეხვედრების ჩაწყობა ედებათ.
ცხრამეტი ეჭვმიტანილი გაუშვეს, მაგრამ ისინი სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩებიან. მათგან ოთხი თურქეთის სუპერლიგის მოთამაშეა.
სულ გასულ კვირას ორმოცამდე ადამიანი დააკავეს. ასეთი გახლდათ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი გამოძიების შედეგი. ნოემბრის დასაწყისში დააკავეს ექვსი მსაჯი და პირველი დივიზიონის კლუბის „ეიუსფორის’’ პრეზიდენტი. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ნოემბერშივე გაათავისუფლა ასორმოცდაათამდე მსაჯი, რომლებიც ტოტალიზატორებში აქტიურობდნენ.
ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მიზნად თურქული ფეხბურთის გაწმენდა აქვს დასახული. ამის გამო მან დისკვალიფიკაციით დასაჯა პირველი დივიზიონის 25 და ქვედა ლიგების ათასამდე ფეხბურთელი.





