„ლივერპული” გასულ სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა

„ლივერპულის’’ ნაქები მეკარე ალისონ ბეკერი დარწმუნებულია, რომ სკანდალი, რომელიც ბოლო დღეებში მოჰამედ სალაჰის გარშემო აგორდა გუნდის თამაშზე გავლენას არ იქონიებს. ბრაზილიელმა აგრეთვე მწვრთნელ არნე სლოტს აღუთქვა მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, „ლიდსთან’’ 3:3-ის შემდეგ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა რამდენიმე ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ გულშემატკივრები ააფორიაქა.

სალაჰი „ლივერპულმა’’ „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ შეხვედრაში სათამაშოდ იტალიაში არ წაიყვანა, თუმცა ორშაბათს მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და კვირასაც „ლიდსთან’’ თამაშის მეორე დღეს მოთელვაში ჩვეულებრივ მონაწილეობდა.

ალისონი: „ინტერვიუს შემდეგ მეგონა, რომ მდგომარეობა დაიძაბებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველამ ვიცით, რომ ეს ამბავი ძალიან პირადულია და პატივს ვცემთ. შაბათს რომ ვითამაშეთ მას მერე ბევრი დრო არ გვქონია. სავარჯიშოდ შევიკრიბეთ, მაგრამ ამ ვარჯიშის მიზანი დასვენება და ძალების აღდგენა გახლდათ. ის გუნდის მთავარ მიზანს ემსახურებოდა.

შექმნილი მდგომარეობა არავის ახარებს. მო ყველას გვიყვარს. ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გარდა ამისა კარგი ადამიანია, რომელიც ლამაზად თამაშობს. მისმა კომენტარებმა ცოტა გაგვაკვირვა, მაგრამ ვიცით, რომ ეს პირადულია და სჯობს ურთიერთობა მან და კლუბმა თავად მოაგვარონ. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს რომელიმე ჩვენგანი. ყველას გვინდა, რომ ის და კლუბი ისეთ რამეზე შეთანხმდნენ, რაც მისთვის, კლუბისთვის და გუნდის ყველა წევრისთვის უკეთესი იქნება. იმედი მაქვს, რომ ის დაგვიბრუნდება.

შეუძლებელია მოს არ სცოდნოდა რა მოჰყვებოდა მის კომენტარებს. ის ჭკვიანი ადამიანია. მე მასთან ისე როგორც მინდოდა ჯერ არ მილაპარაკია. ჩვენ ერთად იმდენი დრო გვაქვს გატარებული და იმდენი რამე გადავიტანეთ რომ მარტო თანაგუნდელები აღარ ვართ. აუცილებლად დაველაპარაკები, მაგრამ ეს კერძო საუბარი იქნება’’.

სალაჰის ამბავმა „ლივერპული’’, რომელსაც 15 შეხვედრაში მხოლოდ 4 თამაში აქვს მოგებული მძიმე დღეში ჩააგდო. რთული მდგომარეობის მიუხედავად ბრაზილიელი, რომელთან კონკურენციის გამო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე ზის მწვრთნელს მხარს უჭერს.

ალისონი: „რატომ არ უნდა ვუჭერდე მხარს? მან ხომ გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მოგვაგებინა. სანამ არნე მოვიდოდა ყველა ამბობდა, რომ იურგენ კლოპის შეცვლა ურთულესი საქმე იქნებოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გასულ სეზონში მიღწეული წარმატება ყველას ჩვეულებრივი რამ ჰგონია, გეგონება ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენ კი სლოტის ცოდნას ვენდობით, მოგვწონს მისი თამაშის სტილი და გვჯერა, რომ მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია. პირადად მე მწვრთნელთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს. და კიდევ, აქ მნიშვნელოვანი მარტო ჩვენი დამოკიდებულება კი არ არის, არამედ კლუბში შექმნილი მდგომარეობაა. კლუბის ხელმძღვანელები კი მას ენდობიან’’. პასუხისმგებლობა მარტო მწვრთნელს ხომ არ ეკისრება. მეც მასთან ერთად ვიზიარებ პასუხისმგებლობას. რასაკვირველია, სლოტს მთელი გუნდი აბარია, მაგრამ ჩვენ ჩვენი წილი ვალდებულებები გვაქვს და ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია’’.