Mohamed Salah says he may leave in January„ლივერპულ ექოს’’ კორესპონდენტი პოლ გორსტი მო სალაჰის შესახებ წერს: „სალაჰმა ყველა ან ფაქტობრივად ყველა, ოთხასოცივე შეხვედრაში მატჩის შემდეგ თავაზიანად, მაგრამ კატეგორიულად მოუბოდიშა ჟურნალისტებს და მათთან ურთიერთობაზე უარი თქვა. უფრო ზუსტად, ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებს კომენტარზე უარი 417 შემთხვევაში უთხრა და მხოლოდ სამჯერ გამოძებნა მათთან სალაპარაკო დრო. პირველად ეს მოხდა 2018 წელს, როდესაც პირობა ჰქონდა მიცემული, რომ პირველივე სეზონში 40 გოლის გატანის შემთხვევაში იტყოდა რამეს. ეტყობა ეგონა, რომ არარეალური რიცხვი თქვა. მეორედ ეს იყო 2019-ში, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, როდესაც სიამაყისგან ბრწყინავდა და კისერზე მედალი ეკიდა. მესამედ კი 13 თვის წინ წვიმაში, საუთჰემპტონში, „სენტ მერის’’ სტადიონის გასასვლელში როდესაც რამდენიმე ჟურნალისტს უთხრა, რომ სავარაუდოდ „ლივერპულიდან’’ წავა, რადგან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებთან საერთო ენა ვერ გამონახა. ამიტომაც, როდესაც შაბათს „ლიდს იუნაიტედთან’’ 3:3-ის შემდეგ 33 წლის ფეხბურთელმა რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა რეპორტიორებს უთხრა, შხაპს მივიღებ და მალე დავბრუნდებიო, ყველა მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე’’.

სალაჰი მიქს-ზონაში დაბრუნდა და შვიდი წუთისა და ოცდაათი წამის განმავლობაში მართლა საოცარი რამ თქვა: ავტობუსის ქვეშ ჩამაგდესო, არნე სლოტთან ურთიერთობა ფაქტობრივად აღარ მაქვსო, „ბრაიტონთან’’ თამაში შესაძლოა „ლივერპულის’’ შემადგენლობაში ჩემთვის ბოლო იყოსო…

„არც კი ვიცი რა ვთქვა. ვერ ვიჯერებ. სულელურ გოლებს ვუშვებთ. თანაგუნდელებს ვერ ვეხმარები, რადგან სკამზე ვზივარ. რას წარმოვიდგენდი, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ვიჯდებოდი. ეს უკვე მესამედ მოხდა. მგონი კარიერაში პირველად შემემთხვა ასეთი რაღაც. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ კლუბისთვის წლების განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთე, განსაკუთრებით გასულ სეზონში. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ავტობუსის ქვეშ ჩამაგდეს. თითქოს ვიღაცას უნდა ხელი შემაწმინდოს. ზაფხულში კლუბი ბევრ რამეს დამპირდა, მაგრამ სკამზე ვზივარ და ვერ ვხედავ, რომ ვინმემ ეს დაპირებები შეასრულა. სლოტთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ახლა კი საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. არ ვიცი რატომ. მგონი ვიღაცას უნდა, რომ თავიდან მომიშოროს. მე დედ-მამას დავურეკე და ვუთხარი „ბრაიტონთან’’ თამაშს დაესწრონ. არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა. მე მაინც მივიღებ სიამოვნებას, რადგან გულშემატკივარს გამოვემშვიდობები და აფრიკის თასზე გავემგზავრები. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება სანამ მე იქ ვიქნები’’, ― თქვა ვარსკვლავმა.

პოლ გორსტს გაუჩნდა კითხვა: რატომ მაინცდამაინც ახლა? ჟურნალისტს არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სალაჰი ინტერვიუს დროს ღელავდა ან ბრაზობდა, ავტობუსში ასული კი ენაზე იკბენდა ასეთი მწარე სიტყვები რამ მათქმევინაო. ყველაფერი გათვლილ საქციელს ჰგავდა. და მან ეს მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგაში „სან სიროზე’’ „ინტერთან’’ მნიშვნელოვანი თამაშის წინ გააკეთა…

„ლივერპულ ექოს’’ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ როგორც სლოტს, ასევე „ლივერპულის’’ მეპატრონე Fenway Sports Group-ს და მილიონობით გულშემატკივარს მხარის არჩევა მოუწევს.