ენცო ფერნანდესი

არგენტინელებისა და ფრანგების ქიშპი გრძელდება. საფრანგეთში ენცო ფერნანდესის გადაღებული და ინტერნეტში დადებული რასისტული სიმღერა ჯერ არ დავიწყებიათ, რომ ცეცხლს ნავთის ახალი ულუფა დაემატა: ვეტერანმა ფორვარდმა, არგენტინული ფეხბურთის ვარსკვლავმა სერხიო აგუერომ ერთ-ერთ პოდკასტში საჩოთირო ხუმრობაზე ისეთი ხარხარი მორთო, რომ პარიზში მიიპყრო ყურადღება. აგუერო და გადაცემის წამყვანები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებს განიხილავდნენ, როდესაც ერთ-ერთმა წამყვანმა საფრანგეთისა და სენეგალის ნაკრებთა მომავალ შეხვედრას ძირითადი და სათადარიგო გუნდების თამაში უწოდა, რაზეც, როგორც მოგახსენეთ, აგუეროს გულიანად გაეცინა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ხუმრობამ საფრანგეთში ენცო ფერნანდესის ამბავი გაახსენათ, როდესაც „კოპა ამერიკას’’ მოგების შემდეგ „ჩელსის’’ ნახევარმცველმა არგენტინელთა ავტობუსში გადაიღო, თუ როგორ მღეროდნენ მისი თანაგუნდელები სიმღერას რომელსაც ასეთი ტექსტი ჰქონდა: „საფრანგეთის ვარსკვლავები წარმოშობით ანგოლელები არიან და ტრანსი ქალებივით დარბიან. მათ ნიგერიელი დედა ჰყავთ, მამა კი კამბოჯელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ’’.

ამავე ტექსტში იყო კილიან მბაპესა და ედუარდო კამავინგას შეურაცხმყოფელი სიტყვებიც.