კუივინ კელეჰერის ამბავი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, რადგან ამ ირლანდიელი მეკარის ამბავმა შეიძლება გიორგი მამარდაშვილი გაახსენოს. კელეჰერმა „ლივერპულში’’ შვიდი წელიწადი გაატარა და მათგან ხუთი ალისონის თადარიგში იჯდა. საბოლოოდ ჩინებულმა მეკარემ თავს უშველა, 18 მილიონ გირვანქად „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც რეგულარულად თამაში ეღირსა. ბენ ფოსტერთან „ფოზკასტში’’ საუბრისას კელეჰერმა თავისი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა.
„გულწრფელად რომ გითხრათ ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ წასვლის დრო სწორად შევარჩიე. „ლივერპულში’’ 10 წელიწადი გავატარე. აკადემიაში რომ მივედი 16 წლისა ვიყავი და იქიდან მოყოლებული მთელი გზა გავიარე. ათიდან ალბათ ხუთი წლის განმავლობაში პირველ გუნდში დავყავი. სადმე იჯარით არასდროს გავუშვივართ. ერთი სიტყვით, ჩემი გამოცდილება „ლივერპულის’’ მეორე მეკარეობაა. ამიტომაც ვამბობ, რომ სხვა კლუბში გადასვლისთვის დრო სწორად შევარჩიე.
წასვლა რასაკვირველია ძნელი იყო, რადგან ბევრი მეგობარი და კარგი ადამიანი დავტოვე, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით გადაწყვეტილება ძალიან იოლად მივიღე’’.
„ენფილდ როდზე’’ გატარებულმა წლებმა კელეჰერს პრემიერლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარის სახელი მოუტანა. იურგენ კლოპმა მას მსოფლიოს საუკეთესო სათადარიგო მეკარეც კი უწოდა.
წამყვანმა ირლანდიელს ჰკითხა რას ფიქრობდა, როდესაც კითხულობდა ექსპერტების მოსაზრებას, რომ ის „ლივერპულიდან’’ დროულად უნდა წასულიყო.
„როდესაც გუნდს სჭირდები, მოედანზე გადიხარ და კარგად თამაშობ, ხალხი კმაყოფილია, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ თუ კარგად თამაშობ იოლადაც გადახვალ სხვა კლუბში. ეს ასე არ მუშაობს. კარგად თამაშის მერე ასე მარტივად ვერ მიხვალ კლუბის ხელმძღვანელებთან და ვერ ეტყვი: კარგად იყავით, ახლა კი წავედი. ძალიანაც მინდოდა ყოველ შეხვედრაში მოედანზე ყოფნა, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცები იოლად არ გამოდის. მეორე მეკარეობა ძალიან ძნელია. გეძლევა სულ რამდენიმე თამაში და ვალდებული ხარ კარგად ითამაშო. წინააღმდეგ შემთხვევაში მიწასთან გაგასწორებენ. თუმცა, საბოლოოდ „ლივერპულში’’ ჩემთვის ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა’’.
მიმდინარე სეზონში კელეჰერმა პრემიერლიგაში ყოველი წუთი ითამაშა, თუმცა „ბრენტფორდმა’’ 14 შეხვედრიდან მხოლოდ ორში მოახერხა კარის „მშრალად’’ შენახვა. გუნდს 22 გოლი აქვს გაშვებული და ცხრილში მე-13 ადგილზეა.





