Giorgi Mamardashvili of Liverpool FC, Ivan Perisic of PSV, Ismael Saibari of PSV during the UEFA Champions League match between Liverpool v PSV at...„ლივერპულის’’ საშინელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში შინ „ეინდჰოვენთან’’ 1:4 მარცხით გაგრძელდა. ჯერ იყო და ვირჯილ ვან დაიკმა სტუმრებს პენალტი აჩუქა, რომელიც ივან პერიშიჩმა გაიტანა. მართალია დომინიკ სობოსლაიმ მალევე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში გუს ტილმა და ორჯერ კუჰაიბ დრიუეშმა მასპინძლებს ბოლო მოუღეს.

მერსისაიდელებს ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა დარჩათ, რომელთაგან ორი, „ინტერთან’’ და „მარსელთან’’ სტუმრად უწევთ, „ყარაბაღს’’ კი 2026 წლის 29 იანვარს უმასპინძლებენ. 5 ტურის შემდეგ არნე სლოტის გუნდს 9 ქულა აქვს და ფლეი-ოფში მოხვედრა ჯერ კიდევ შეუძლია.

ქართველ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა აინტერესებს როგორ შეფასდა გიორგი მამარდაშვილის თამაში. მეკარისთვის 4 გოლის გაშვება ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე შედეგია, იყო რომელიმე გოლი პირადად მისი შეცდომის ბრალი თუ არა.

Liverpoolecho – (5) პენალტის დროს შანსი არ ჰქონდა. სხვა მხრივ პირველ ტაიმში დიდად არ მოუწია თამაშში ჩართვამ. შეიძლება მეორე გოლის დროს უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა, მესამე და მეოთხე კი მისი ბრალი არ იყო.

liverpool.com – (6) პერიოდულად ბურთის დაყოვნებით ტრიბუნებს აღიზიანებდა, მაგრამ ქართველის გასამართლებლად უნდა ითქვას, რომ ამ მომენტებში თამაშის გაგრძელების დიდი არჩევანი არც ჰქონდა. გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, ბევრს ვერაფერს იზამდა.

Thisisanfield – (4) პენალტის დროს არასწორი მიმართულებით გადახტა. გუს ტილის მიერ გატანილ გოლს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ რეალურად გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის. ხანდახან ფეხით თამაშის დროს საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო, გააზრებულ მოქმედებას ერჩივნა ბურთი თავიდან მოეშორებინა, თუმცა მის წინ არსებულ არაორგანიზებულობას თუ გავიხსენებთ, ეს გასაკვირი არც იყო.

Flashscore – 5.6; skysports – 5; sofascore – 6.2; whoscored – 5.5