„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე რომ მოხვდება ამას დიდი მარჩიელობა არ უნდა. ახლა გასარკვევია საფრანგეთის ჩემპიონი პირდაპირ მერვედფინალში გავა თუ ჯერ ფლეი ოფის ეტაპზე მოუწევს ბრძოლა. ასეა თუ ისე, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში პარიზელებმა „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ სანახაობრივ შეხვედრაში 5:3 მოუგეს, რაც 5 ტურში მათი მეოთხე გამარჯვება იყო. პსჟ „არსენალის’’ შემდეგ მეორე ადგილზეა.
შეხვედრის მთავარი გმირი ულაპარაკოდ ვიტინია გახლდათ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა ანგარიში 35-ე წუთზე ლონდონელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა გახსნა. ათ წუთში ზემოხსენებულმა ვიტინიამ საოცარი დარტყმით გაქვითა. შესვენების შემდეგ ისევ სტუმრები დაწინაურდნენ ― პარიზელთა ყოფილმა თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ შეაგდო. 53-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ისევ ვიტინიამ გაათანაბრა. შემდეგ ფაბიან რუისმა მასპინძელთა მესამე გოლი შეაგდო, რასაც ვილიან პაჩომ კიდევ ერთი დაამატა. კოლო მუანიმ ვერ მოისვენა და 73-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ სამ წუთში ვიტინიამ პენალტით მეხუთე გაიტანა.
90+3 წუთზე მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის ლუკა ერნანდესი გააძევეს მოედნიდან.
კვარაცხელიას თამაში ზოგიერთმა საიტმა ასე შეაფასა:
Footmercato – (6.5) სტატისტიკა ვერ აღწერს მის გავლენას მატჩის შედეგზე. პირველ ტაიმში ქართველი პსჟ-ს შეტევათა ლიდერი იყო, მოქმედებდა როგორც კატალიზატორი, თუმც დროგამოშვებით სხვადასხვა როლის თამაშსაც ცდილობდა. 53-ე წუთზე მან ბურთი ატარა და ვიტინიას საგოლე პასი მიაწოდა. მეორე ტაიმში ყოველთვის, როდესაც ბურთს ეხებოდა ინგლისელი მცველები ფეხის წვერებზე დგებოდნენ.
Maxifoot – (6) მარჯვენა ფრთაზე ძალიან აქტიური გარემარბი მეტოქისთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენდა. მან რამდენიმე საკვანძო მოქმედებაშიც მიიღო მონაწილეობა. მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ მეტოქის დაცვაში გაირბინა და ვიტინიას საგოლე პასი მიაწოდა, როდესაც პორტუგალიელმა 2:2 გახადა.
Flashscore – 7.7; skysports – 7; sofascore -7.4; whoscored – 8.4
შეხვედრის დამთავრების შემდეგ „სფურზის’’ მწვრთნელმა ტომას ფრენკმა ვიტინია აქო: „ვიტინიამ „ოქროს ბურთის’’ გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა. ვაუ! ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. „ოქროს ბურთის’’ შემდეგი გამარჯვებული ის იქნება’’.
ლუის ენრიკემ კი კვლავ მეკარე ლუკა შევალიე დაიცვალა. „პირველი გოლი ცუდი დაცვის გამო გავუშვით. მეორე სტანდარტული მდგომარეობა იყო, მესამე გოლის დროს კი საგოლე პასი მოწინააღმდეგეს ვიტინიამ მიაწოდა’’, ― თქვა მან როდესაც მისი გოლკიპერის თამაშის შეფასება სთხოვეს.





