ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის სამშაბათის მატჩების მიმოხილვა „სტემფორდ ბრიჯით’’ დავიწყოთ, სადაც „ჩელსიმ’’ „ბარსელონას’’ დაუყვედრებლად მოუგო 3:0. მეტიც, თავიდან „ლურჯებს’’ ხელით თამაშისა და ოფსაიდის გამო ორი გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ 27-ე წუთზე მათ სტუმრები დაეხმარნენ, კუნდემ როგორც იქნა წესების დაცვით შეაგდო… თავის კარში. 43-ე წუთზე „ბარსას’’ მეორე ყვითლის გამო არაუხო გაუძევეს, რამაც დასავლეთ ლონდონელებს საქმე გაუიოლა. შესვენების შემდეგ „ჩელსის’’ ოფსაიდის მიზეზით კიდევ ერთი გოლით დასრულებული შეტევა გაუუქმეს, 55-ე წუთზე კი 18 წლის ბრაზილიელმა ესტევაომ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ეფექტური გოლი გაიტანა. 73-ე წუთზე ენცო ფერნანდესის პასით ლაიამ დელაპმა მესამე შეაგდო. VAR-ი ამ ეპიზოდშიც დაკვირვებით უყურებდა მონიტორს, მაგრამ საბოლოოდ გოლი ჩათვალა. შედეგად, „ჩელსი’’ ტოპ-რვა გუნდში შევიდა, „ბარსას’’ კი ფლეი-ოფში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს.
მანჩესტერში სენსაცია მოხდა ― „ლევერკუზენმა’’ „სიტის’’ 2:0 მოუგო. პეპ გვარდიოლას რისკმა, კერძოდ მეორე შემადგენლობით თამაშმა არ გაამართლა. „ქალაქელებმა’’ უკბილოდ იბურთავეს. პირველი გოლი მათ კარში 23-ე წუთზე განაპირა მცველმა გრიმალდომ გაიტანა, რომელსაც ამ სეზონში უკვე რვაჯერ აქვს მეტოქის კარი დალაშქრული. 54-ზე შიკმა კიდევ ერთი შეაგდო. ამრიგად, „სიტის’’ მერვედფინალში პირდაპირი გასვლა გადაედო, „ფარმაცევტებს’’ კი იმედი ჩაესახათ, რომ პირდაპირ მერვედფინალის ადგილს მოიპოვებენ.
„ლევერკუზენი’’ პირველი გუნდია რომელმაც ბოლო შვიდ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ატაპზე „სიტი’’ სტუმრად დაამარცხა. ბოლო ვინც ეს შეძლო გახლდათ „ლიონი’’, რომელმაც 2018 წელს 2:1 მოიგო.
„ბოდო/გლიმტის’’ ნორვეგიაში დამარცხება, მითუმეტეს ნოემბრის ბოლოს ნებისმიერი გუნდისთვის ძნელი ამოცანაა, რომელსაც „იუვენტუსმა’’ მძიმე ბრძოლით გაართვა თავი – 3:2. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრები გავიდნენ წინ 2:1, 87-ე წუთზე „ბოდო/გლიმტმა’’ გაათანაბრა, მაგრამ 90+1 წუთზე „ბებერმა ქალბატონმა’’ ჩრდილოელებს მაინც გამოგლიჯა გამარჯვება. ეს იტალიური გუნდის პირველი ჩემპიონთალიგური გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში. ლუჩანო სპალეტის გუნდი 5 ტურის შემდეგ ფლეი-ოფში გამსვლელ პოზიციაზეა.
„მარსელმა’’ „ნიუკასლ იუნაიტდთან’’ საჭირო გამარჯვება მოიპოვა – 2:1. ანგარიში მე-6 წუთზე სტუმარმა ჰარვი ბარსმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ცნობილმა გაბონელმა თავდამსხმელმა 36 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ორი გოლი შეაგდო. ამრიგად, მარსელელები მე-19 პოზიციაზე არიან, ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი კვლავ აქვთ და წინ ელით შეხვედრები „როიალ უნინონთან’’, „ლივერპულთან’’ და „ბრიუგესთან’’.
„დორტმუნდისა’’ და „ვილიარეალის’’ შეხვედრაში ჟორჟ მიქაუტაძეს არ უთამაშია, ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ფორმალურად ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ბორძიკობს. „დორტმუნდმა’’ მას 4:0 მოუგო. გერმანულ კლუბს პირდაპირ მერვედფინალში მოხვედრის შანსი აქვს. „ვილიარეალს’’ 53-ე წუთზე არგენტინელი ხუან ფოიტი გაუძევეს მოედნიდან. მიზეზი: ხელთ თამაში. თუმცა, გვინეელმა სერუ გირასმა ამ ეპიზოდში დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა.
„ნაპოლის’’ გაუჭირდა, მაგრამ „ყარაბაღთან’’ საჭირო გამარჯვებას მიაღწია – 2:0. პირველი გოლი იღბლიანმა მაკტომინეიმ 65-ე წუთზე გაიტანა. რამდენიმე წუთით ადრე შოტლანდიელმა პენალტი ვერ შეაგდო. მეორე გოლი კი იანკოვიჩმა 72-ე წუთზე თავის კარში გაიტანა. „ნაპოლის’’ და „ყარაბაღს’’ 7 ქულა აქვთ.
„ბენფიკას’’ და „აიაქსს’’ ამსტერდამში შეხვედრის წინ 0 ქულა ჰქონდათ. პორტუგალიელებმა მოიგეს 2:0. 5 ტურის შემდეგ ლეგენდარული ჰოლანდიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთია, რომელსაც ქულა არ მოუპოვებია.
„როიალ უნიონმა’’ „გალათასარაის’’ 1:0 მოუგო, რაც მოულოდნელი იყო, რადგან სტამბოლელებს ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული.
„სლავიამ’’ „ბილბაოსთან’’ 0:0 ითამაშა და ეს გახლდათ სამშაბათის ერთადერთი უგოლო შეხვედრა.





