Desire DOUE of Paris Saint-Germain during the Ligue 1 McDonald's match between Lorient and Paris at Stade du Moustoir on October 29, 2025 in Lorient,...ბოლო ინფორმაციით დეზირე დუე შეიძლება 2025 წელსვე დაუბრუნდეს მოედანს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელმა 29 ოქტომბერს „ლორიანთან’’ შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და რეაბილიტაციის ინდივიდუალურ კურსს გადის. ექიმები მას დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან. ფაქტია, რომ დუე ოთხშაბათს „ტოტენჰემთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს ― ჯერ მკურნალობის და დარბაზში ტრენაჟორებთან მუშაობის პროცესშია.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფრანგი შეიძლება მოედანზე შობამდე დაბრუნდეს. ეს დამოკიდებულია კიდევ ერთ, წვივის ტრავმაზე, რომელსაც დუე 5 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე მკურნალობდა. „პარიზიენის’’ ხელთ არსებული ინფორმაციით საფრანგეთის ჩემპიონის 14 ნომერი მოედანზე ვარჯიშს მომდევნო კვირაში შეუდგება. სწორედ მაშინ გამოჩნდება, როდის შეძლებს დუე თამაშებში მონაწილეობას. საყოველთაო აზრით, აჩქარება არ ივარგებს.

პსჟ-ს 2025 წლის რთული დასასრული ელის. მის კულმინაციად ჩაითვლება 17 დეკემბერს დოჰაში დანიშნული საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი. ამბობენ, რომ დუეს აქვს შანსი მონაწილეობა მიიღოს ამ შეხვედრაში. მანამდე, 1 დეკემბერს „რენის’’ ყოფილი მოთამაშე მიიღებს ჯილდოს რომელსაც ეწოდება Golden Boy და რომლის წინა მფლობელი იყო ლამინ იამალი. Golden Boy გახლავთ ევროპული ჯილდო, რომელსაც იტალიური გამოცემა Tuttosport ტურინის საავტომობილო მუზეუმში საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს გადასცემს. ეს ჯილდო დაარსდა 2003 წელს. სხვადასხვა წლებში მისი გამარჯვებულები იყვნენ: ლეო მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, პედრი, გავი, ჯუდ ბელინგემი და სხვები.