„ლივერპულის’’ შვედმა ვარსკვლავმა ალექსანდერ ისაკმა 30 000 გირვანქად (39 280 დოლარი; 34,119 ევრო; 104,879 ლარი) გაწვრთნილი დობერმანი იყიდა. ძაღლმა მერსისაიდში ფეხბურთელის და მისი ოჯახის უსაფრთხო ცხოვრება უნდა დაიცვას.
ვისგან უნდა დაიცვას ისაკმა თავი და ოჯახი? თურმე ეს პრობლემა მარტო თავდამსხმელს კი არა, მთელს შვედეთის ნაკრებს უდგას. გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. შვედებზე მაღალი პოზიციები დაიკავეს შვეიცარიელებმა, კოსოვოელებმა და სლოვენიელებმა, რამაც გულშემატკივარი გააბრაზა. შედეგად სოციალური ქსელები მუქარით სავსე კომენტარებით გაივსო.
„ალექსანდერზე ზაფხულის სატრანსფერო ისტორიის გამო ისედაც ყველა ლაპარაკობდა. მისი გადასვლა „ნიუკასლიდან’’ „ლივერპულში’’ ხმაურიანი იყო. ყვიროდა თანხაც, რომელიც მასში „ლივერპულმა’’ გადაიხადა და ამიტომ მის გარშემო გამორჩეული მდგომარეობა შეიქმნა. მას სურს მოედანს მიღმა ცხოვრება მოწესრიგებული ჰქონდეს, რისთვისაც ძაღლი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია’’, ― თქვა მავანმა ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ისაკში მერსისაიდელებმა „ნიუკასლ იუნაიტედს’’ 130 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 148 მილიონი ევრო) გადაუხადეს.
„სანი’’ წერს, რომ ქვეყნად არ არსებობს უფრო ერთგული არსება ვიდრე საგანგებოდ ადამიანის დაცვისთვის გაწვრთნილი ძაღლია. მისი შეძენის ფული კი ისაკს, რომლის ხელფასი „ლივერპულში’’ კვირაში 300 ათასი გირვანქაა, პრობლემას არ წარმოადგენდა.
ინგლისური ტაბლოიდი შეგვახსენებს, რომ ბოლო პერიოდში, ისაკამდე თავდაცვის მიზნით ძაღლები შეიძინეს მარკუს რაშფორდმა, კაილი უოკერმა და ჯეკ გრილიშმა.





