„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლე ავრს’’ 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კანგ-ინ ლიმ, ჟოაო ნევეშმა და ბრედლი ბარკოლამ ხვიჩა კვარაცხელიას პასით. ბარკოლა და კვარაცხელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ ― 35 და 25 წუთით. პარიზელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეკარე ლუკა შევალიემაც, რომელიც ბევრი მიმომხილველის აზრით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
„პარიზელების წინააღმდეგ ავტობუსს არ ჩავაყენებ’’, ― თქვა მატჩის წინა დღეს პრეს-კონფერენციაზე ჰავრელთა თავკაცმა დიდიე დეგარმა და მართლაც, თამაში სასიამოვნო სანახავი გამოვიდა, თუმცა ნათქვამია ძალა აღმართს ხნავსო.
„კმაყოფილებისა რა მოგახსენოთ, უფრო იმედგაცრუებას განვიცდი. შეიძლება მატჩის დეტალური ანალიზის მერე კმაყოფილების რაიმე მიზეზი გამოჩნდეს კიდეც, მაგრამ ამწუთას გაწბილებული ვარ, რადგან გოლი ვერ გავიტანეთ. ამდენი მომენტიდან გოლი უნდა გაგვეტანა. ჩვენ შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ კიდევ არსებობს წინ გადასადგმელი ნაბიჯი რომლის არსებობისაც ჩემს ფეხბურთელებს ჯერ ბოლომდე არ სჯერათ’’, ― თქვა დეგარმა.
პარიზელთა მესამე გოლის ავტორი ბარკოლა: „დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ცხრილში „მარსელი’’ გვისწრებდა, ამიტომ დამაჯერებლად უნდა მოგვეგო. პირადად მე სანაკრებო კვირაში ცოტა დავისვენე, თავს კარგად ვგრძნობდი, გოლმა კი საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ არ უნდა დავრჩეთ ოფსაიდში, ამიტომ, როგორც კი კვარა შუაში დავინახე, გავიქეცი. ვიცოდი, რომ პასს ჩემი მიმართულებით გადააწოდებდა. ეს გამოცდილებამ მოიტანა (იცინის)’’.
პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე: „შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. „ლე ავრმა’’ ჩინებულად ითამაშა, ალბათ მეტსაც იმსახურებდა. ყველა ამბობს, რომ ლიგა 1 იოლი შეჯიბრებაა, მაგრამ ასე არ არის, ის რთული ჩემპიონატია, როგორც სხვა ლიგები. თქვენ მეუბნებით, რომ გონსალო რამუშმა ცუდად ითამაშა? იმაში, რომ სეზონის განმავლობაში ფეხბურთელს შედარებით რთული პერიოდი ჰქონდეს, გასაკვირი არაფერია. მთავარია მენტალურად სწორად ვიყოთ მომზადებულები. ლუკა შევალიე კი მართლაც შესანიშნავი იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ახალწვეულისთვის პსჟ-თან შეგუება რთული იქნებოდა. ჩვენ ყველა ახალი შენაძენით კმაყოფილები ვართ’’.
კვარაცხელიას საგოლე პასის მერე კიდევ ჰქონდა მომენტი, შუიდან კარში გაუჩერებლად დაარტყა, მაგრამ სენეგალელმა მეკარემ მორი დიავიმ მოიგერია.





