Curacao celebrate qualifying for the World Cupთუკი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდას რაიმე სიკეთის მოტანა შეეძლო, ეს საფეხბურთო თვალსაზრისით მეორე და მესამეხარისხოვან მსოფლიოში ხალხის გახარება იყო. მუნდიალს ოთხი დებიუტანტი ჰყავს: კაპე ვერდე, უზბეკეთი, იორდანია და კურასაო.

კურასაო კარიბის ზღვის კუნძულია, რომელზეც 156 ათასი ადამიანი ცხოვრობს ― თბილისის გლდანის რაიონზე 20 ათასით ნაკლები. ჩრდილო ამერიკის ქვეყნებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საგზური სწორედ მან მოიპოვა ― იამაიკასთან ფრეც აძლევდა ხელს და მართლაც 0:0 ითამაშა. ამ შეხვედრაში დიკ ადვოკაატის ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინეს.

ზეიმი, რომელიც საფინალო სასტვენის შემდეგ გაიმართა ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა კურასაოელთათვის ამ გამარჯვებას. მათი ქვეყანა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელსაც ოდესმე მუნდიალზე უთამაშია. აქამდე ასეთი 350 ათასიანი ისლანდია იყო, რომელმაც 2018 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

კურასაო ავტონომიური ერთეულია, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში შედის. მის დედაქალაქს ჰქვია ვილემსტადი, სადაც 136 660 ანუ ფაქტობრივად მთელი ქვეყანა ცხოვრობს. რელიგიით ქრისტიანები არიან, მეტწილად კათოლიკეები. ოფიციალური ენა ჰოლანდიურია, თუმცა პაპიამენტუ (პორტუგალიურის ნაირსახეობა, რომელსაც კარიბის ზღვის აუზში მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს), ინგლისური და ესპანური ფართოდ არის გავრცელებული.

ნაკრების ფეხბურთელები მეტწილად ჰოლანდიის გუნდებში თამაშობენ, თუმცა არიან ბელგიის, თურქეთის, შვეიცარიის, ინგლისის, საბერძნეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე კლუბთა წარმომადგენლები.