Paris Saint-Germain's Moroccan player Achraf Hakimi, winner of the African Footballer of the Year award at the CAF Awards ceremony, delivers a speech...
აშრაფ ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შედეგები ადარდებს, ფეხბურთელების ინდივიდუალური ამბები კი მისთვის სულერთია. ლიგა 1-ის მე-13 ტურის წინ, „ლე ავრთან’’ შეხვედრისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე ესპანელმა თავისი მოთამაშეების ვარსკვლავობაზე ლაპარაკისგან თავი შეიკავა.

ლუის ენრიკეს ჰკითხეს მისი აზრით პსჟ-ში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვთ თუ არა ფაბიან რუისს, ჟოაო ნევეშსა და ვიტინიას. მწვრთნელმა უპასუხა:

„არ ვიცი, ასეთ თემებზე ლაპარაკი არ მაინტერესებს. როგორც გუნდის თავკაცი მე ვცდილობ მარტო ფაბიანი, ვიტინია და ჟოაო კი არა, მთელი გუნდი უფრო ძლიერი გავხადო. ნახევარდაცვაში თავის გამოჩენა თქვენ მიერ დასახელებული სამეულის გარდა სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ: სენი მაიულუს, უორენ ზაირ-ემერის, კანგ-ინ ლის, დეზირე დუეს… მაგრამ ცალკეულ ფეხბურთელებზე ბევრი ლაპარაკი სიკეთის მომტანი არ არის’’.

ლუის ენრიკეს არ შეეშვნენ. ჟურნალისტს განსაკუთრებით ნევეშის ამბავი აინტერესებდა. პორტუგალიელი ტრავმის მოშუშების შემდეგ საუცხოო ფორმაშია.

„ახლაც ისე გიპასუხებთ, როგორც ჩვეულებრივ გპასუხობთ ხოლმე: არ ვიცი. ჟოაოზე რომ გიპასუხოთ, მერე მკითხავთ ფაბიანს რას ვუპირებ, მაიულუს რას ვუპირებ და ასე პრობლემები შემექმნება’’, ― განმარტა ლუის ენრიკემ.

ოსმან დემბელემ 2025 წელს „ოქროს ბურთი’’ მოიგო, ვიტინია გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა, აშრაფ ჰაკიმი კი აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელები მსოფლიო ჰედლაინებში ხვდებიან, ოღონდ ინდივიდუალურად და არა როგორც გუნდის წევრები. პსჟ კი ახალი სეზონის ყველა შეხვედრაში ვეღარ ბრწყინავს. ლუის ენრიკემ თქვა: „იმ ხმაურის გამო, რომელიც ჩემი გუნდისა და მისი ფეხბურთელების გარშემო მესმის ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ. ფეხბურთი გუნდური სახეობაა. ყველა გუნდური მუშაობისთვის უნდა იყოს მზად. ინდივიდუალური ჯილდოები არ მაინტერესებს’’.

რაც შეეხება სეზონს: „ეს სეზონი ცოტა განსხვავებულია, რადგან ბევრ ჯილდოებს ვიღებთ. აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩავლილ ამბებზე ამდენი ლაპარაკი არ მინდა. მე მხოლოდ მომავალი მაინტერესებს. მე მჭირდება ნაკლები დაჯილდოება და ყურადღების მეტად მოკრება იმაზე, თუ რას ვაპირებთ მომავალში. არადა ჩვენ ისეთი რაღაცებს ვაპირებთ, რის მიღწევაც ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები’’.