
„რეალის’’ ინგლისელი ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი ალბანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში შეცვალეს, რის გამოც განაწყენდა. ინგლისელთა გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, რომელმაც წლის დასაწყისში ბელინგემს ბოდიში მოუხადა რადგან მოედანზე მის ქცევას საზიზღარი უწოდა, ახლა თქვა, რომ ფეხბურთელის რეაქციას შეისწავლის. ბელინგემი ევრო 2024-ზე „სამი ლომის’’ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რა როლი უნდა ითამაშოს მან მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
ინგლისის ნაკრებისა და „არსენალის’’ ვეტერანი ფორვარდი იან რაიტი ფიქრობს, რომ ბელინგემს რასისტები ავიწროებენ.
„ვშიშობ ჯუდი ის პიროვნებაა, რომელსაც ისინი (ჟურნალისტები) ვერ აკონტროლებენ. ბელინგემი ხალხს ეუბნება: მე შავკანიანი ვარ და აქ ვარ! მე ამაყი ვარ!’’, ― თქვა რაიტმა YouTube-ის არხზე გადაცემაში, რომელსაც ჰქვია The Overlap.
ბელინგემმა ნაკრებში პირველად 17 წლისამ ითამაშა. ახლა ის 22 წლისაა. 2020 წელს ის „ბირმინგემიდან’’ „დორტმუნდში’’ გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა, სამი წლის მერე კი „რეალში’’ გაყიდეს. მადრიდელებმა მის სანაცვლოდ 133.9 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ინგლისელმა ვარსკვლავმა „ლოს ბლანკოსის’’ შემადგენლობაში პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო. მის პირად ანგარიშზე იყო 23 გოლი და 13 საგოლე პასი. ბელინგემის წვლილი დიდი იყო ევრო 2024-ზე, როდესაც მეოთხედფინალში სლოვაკებს საუცხოო მაკრატელა დარტყმით გაუტანა და გარეთ საუტგეიტის გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
გადაცემის თანაწამყვანმა, ვეტერანმა მცველმა გარი ნევილმა გაიხსენა რაჰიმ სტერლინგის ისტორია. სტერლინგმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ბოლოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ითამაშა. მან „სამი ლომის’’ შემადგენლობაში 82 შეხვედრა ჩაატარა. 2018 წელს სტერლინგმა თქვა, რომ ინგლისურ მედიაში შავკანიან ფეხბურთელებს არასათანადოდ წარმოაჩენდნენ.
ნევილმა რაიტს ჰკითხა, ბელინგემის შემთხვევა სტერლინგის შემთხვევას ხომ არ ახსენებს. რაიტმა უპასუხა:
„მეეჭვება, რომ ისინი მზად იყვნენ შავი სუპერვარსკვლავის მისაღებად, რომელიც ისე მოიქცეოდა, როგორც ჯუდ ბელინგემი იქცევა. ისინი მას ვერ ეხებიან. ის კი კარგად თამაშობს, აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ასეთი ქცევა ამ ხალხს ზედმეტად ქედმაღლური ჰგონია. საფეხბურთო ენაზე აგიხსნით: მათ უყვართ ნგოლო კანტე, მოკრძალებული შავკანიანი ბიჭი, რომელიც თავისი საქმით არის დაკავებული. მაგრამ როდესაც პოლ პოგბა ან ბელინგემი გამოჩნდება და მათ ენერგიას აწყდებიან, ეს უკვე აღარ სიამოვნებთ. ჯუდისმაგვარი ფერადკანიანი ამ ხალხს აშინებს. მათ აშინებს მისი შთაგონება და უნარები’’.
ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებული პრობლემები მას მერე დაიწყო, რაც ტუხელმა ის ოქტომბერში უელსსა და ლატვიასთან სათამაშოდ არ გამოიძახა. ნოემბერში, სერბეთთან და ალბანეთთან შეხვედრებში „რეალის’’ ვარსკვლავი ისევ გუნდში იყო, მაგრამ სერბებთან მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, ხოლო ალბანელებთან 84-ე წუთზე შეცვალეს.





