Scotland's Kenny McLean celebrates after scoring to make it 4-2 during a FIFA World Cup 2026 Qualifier between Scotland and Denmark at Hampden Park,...
შოტლანდიამ მსაჯის წამატებულ წუთებზე ორი გოლი გაიტანა

სამშაბათს თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები მოიპოვეს შოტლანდიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

C ჯგუფში მსაჯის წამატებულ წუთებში გატანილი ორი გოლით სქოთებმა „ჰემპდენ პარკზე’’ 4:2 მოუგეს დანიას და მუნდიალის საგზური მოიპოვეს, სადაც 28 წელიწადია არ ყოფილან. ანგარიში მე-3 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ მაკრატელა დარტყმით გახსნა, მაგრამ რასმუს ჰოილუნდმა მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე პენალტით გაქვითა. ამ ამბიდან 4 წუთში რასმუს კრისტენსენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა ლორენს შენკლანდმა, რომელმაც 78-ე წუთზე მასპინძლების მეორე გოლი შეაგდო, მაგრამ პატრიკ დორგუმ ხელმეორედ გაათანაბრა. მსაჯის წამატებულ დროში კი, როგორც მოგახსენეთ, სქოთებმა კიდევ ორჯერ შეაგდეს: კიერან ტიერნიმ საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა, კენი მაკლინმა კი ცანტრს ოდნავ გადაცილებულმა გადაუგდო დანიელთა მეკარეს ბურთი თავზე.

ამ ჯგუფში ბელარუსმა საბერძნეთთან 0:0 ითამაშა. ფლეი-ოფიდან ამერიკის კონტინენტზე გამგზავრებისთვის ბრძოლას დანია განაგრძობს.

H ჯგუფში ავსტრია კინაღამ ფლეი-ოფის ამარა დარჩა. მზადდებოდა სენსაცია ― „მიონჰენგლადბახის’’ თავდამსხმელის ჰარის ტაბაკოვიჩის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები იგებდა, მაგრამ 77-ე წუთზე „ბრონდბიუს’’ ფორვარდმა მიხაელ გრეგორიჩმა ანგარიში გაქვითა და ავსტრიელებს 1998 წლის შემდეგ პირველად მუნდიალზე თამაშის უფლება მოუპოვა.

რუმინეთმა სან მარინოს 7:1 მოუგო და გული მოიფხანა.

E ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე გავიდა. თურქეთთან შეხვედრის მე-4 წუთზე „ფურია როხა’’ დანი ოლმომ დააწინაურა, მაგრამ შესვენების წინ დენიზ გულმა ტექნიკურად გაათანაბრა ანგარიში. მეორე ტაიმში წინ ვინჩენცო მონტელას გუნდი გავიდა ― სალიჰ ოსჯანმა მასპინძლების წაუგებელი სერია, რომელიც 2023 წლის მარტში დაიწყო რისკის ქვეშ დააყენა, მაგრამ ის რაც ბოლოს 1954 წლის 14 მარტს მოხდა, ვერც ამჯერად განმეორდა: მიკელ ოიარსაბალის მიერ ახლოდან გატანილმა გოლმა თურქეთს ესპანეთთან გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა. შეხვედრის მიწურულს ალთაი ბაინდირმა ალექს ბაენას დიდებულად აუღო და ლუის დე ლა ფუნეტეს გუნდს სამი ქულა არ გაატანა.

თურქეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას ფლეი-ოფიდან განაგრძობს.

ამავე ჯგუფში საქართველომ, რომელიც როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს საკუთარ თავს აღარ ჰგავს, ბულგარეთთან სოფიაში 1:2 წააგო.

B ჯგუფში ორივე შეხვედრა 1:1 დამთავრდა: შვედეთი სლოვენიასთან და კოსოვო შვეიცარიასთან დაზავდნენ. პირველზე შვეიცარიაა, მეორეზე – კოსოვო.

J ჯგუფში ბელგიამ ლიხტენშტეინს 7:0 გადაუარა, ხოლო უელსმა ჩრდილო მაკედონიას 7:1. ბელგიელები პირველი ადგილით პირდაპირ მიემგზავრებიან მუნდიალზე, უელსელებს გზა გაუმრუდდათ, მაგრამ შანსი აქვთ.