კვირას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ევროპიდან ნორვეგია და პორტუგალია შეემატნენ. პირველმა ამისათვის „სან სიროზე’’ იტალიას მოუგო (4:1) , მეორემ კი სომხეთს დიდი ანგარიშით აჯობა (9:1). გოლების მანქანამ ერლინგ ჰოლანდმა „სკუადრა აძურას’’ ოთხიდან ორი გაუტანა, ხოლო სომხებთან ჰეთ-თრიკი შეასრულეს ბრუნო ფერნანდეშმა და ჟოაუ ნევეშმა.
I ჯგუფში ნორვეგიამ მეორე ადგილზე გასულ და ფლეი-ოფში მოხვედრილ იტალიას საბოლოოდ 6 ქულით გაასწრო. ანგარიში მე-11 წუთზე „ინტერის’’ 20 წლის თავდამსხმელმა ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა იყოჩაღეს და 1998 წლის მერე პირველად გავიდნენ მუნდიალზე.
ისრაელმა მოლდოვას შთამბეჭდავად დაამარცხა მოლდოვა – 4:1.
F ჯგუფში „სელესაომ’’ ხმაურით შეაღო მსოფლიოს ჩემპიონატის კარი. ანგარიში რენატო ვეიგამ გახსნა. სომეხთა კაპიტანმა ედუარდ სპერსტიანმა მე-18 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორ წუთში ორჯერ შეაგდეს: გონსალო რამუშმა მეტოქის პასი ჩაჭრა და ისე გაიტანა, მისმა თანაკლუბელმა ჟოაო ნევეშმა კი ნაკრებში პირველად გამოიჩინა თავი. ცოტა ხანი რომ გავიდა პსჟ-ს ნახევარმცველმა ჯარიმიდან კიდევ ერთი ჩაახვია, ბრუნო ფერნანდეშმა კი შესვენებამდე და მერე მიყარა თავისი გოლები, რომელთაგან ორი პენალტი იყო. ჰეთ თრიკი შეასრულა ნევეშმაც, შეცვლაზე შესულმა ფრანსიშკუ კონსეისაუმ კი მსაჯის წამატებულ წუთებში მეცხრე გაიტანა.
სომხეთის ნაკრების მწვრთნელი ეგიშე მელიქიანი: „ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომლებმაც მენტალურად გაგვტეხა. ისეთ შეცდომებს, რომელთაც პორტუგალიელების მერე და მესამე გოლის დროს ჰქონდა ადგილი, არ ველოდი. ასეთი დონის თამაშებისთვის ჯერ მენტალურად არ ვართ მომზადებულები. ახლა წინ ამხანაგური მატჩები გველის, რათა მოვემზადოთ და მომავალში უკეთესად ვითამაშოთ’’.
ამავე ჯგუფში ირლანდიელებმა ბუდაპეშტში უნგრელებს 3:2 მოუგეს. სტუმრების სამივე გოლი „ალკმარის’’ 23 წლის თავდამსხმელმა ტროი პეროტმა გაიტანა. ირლანდიელები მარტში ფლეი-ოფში ითამაშებენ.
K ჯგუფში ინგლისის ნაკრებმა ჰარი კეინის ორი გოლით ტირანაში ალბანეთს მოუგო – 2:0. ინგლისელთა კაპიტანმა პირველი გოლი ბუკაიო საკას ჩაწოდებული კუთხურიდან გაიტანა, მეორე კი მარკუს რაშფორდის ჩაკიდებას მიაყოლა. მანამდე ალბანელებს ჰქონდათ მომენტები მაგრამ დინ ჰენდერსონმა არბერ ჰოჯას ორჯერ აუღო. მსაჯის წამატებულ წუთებში კეინს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან სიზუსტე დააკლდა.
სერბეთმა 2:1 მოუგო ლატვიას.
D ჯგუფში უკრაინამ 2:0 მოუგო ისლანდიას და ფლეი-ოფში გავიდა, საფრანგეთი კი ბაქოში აზერბაიჯანთან 0:1-ს აგებდა, მაგრამ სამი გოლი გაიტანა და მოიგო. „მონაკოს’’ 23 წლის თავდამსხმელმა მაგნეს აკლიუშმა ნაკრებში პირველად გაიტანა.





