საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია… წაუგია დიდი ანგარიშით… წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ… წააგო გუშინაც… წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია…
პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა – ჩვენები შინ, თბილისში, ისტორიაში მეექვსე მატჩს აგებდნენ დიდი ანგარიშით. შესვენების შემდეგ სამ მიღებულ გოლს ერთიც დაემატა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ…
მერე არქივიც გადავქექე და შინ დიდი ანგარიშით წაგებული მატჩების შესახებ უფრო მეტი ვნახე:
28.04.1999. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. საქართველო – ნორვეგია 1:4
ამ თამაშის პირველი ტაიმი ისე გაილია, ჩვენები მეტოქის მოედანზე არც გადასულან. შესვენებაზე მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა სტრატეგია შეცვალა და ფეხბურთელებს საკუთარი მოედნიდან ბურთის პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში ჩაგდება დაავალა. შუა ხაზი თითქოს არც არსებობდა. ანგარიშიდანაც ჩანს, საბოლოოდ რა გამოვიდა. ერთადერთი გოლი ზაზა ჯანაშიამ გაიტანა. მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ გუცაევმა პოსტი დატოვა. წინა დღეს ნორვეგიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩვენსას 3:0 მოუგო და ისე გამოვიდა, რომ ეროვნულ-ახალგაზრდულიანად საქართველომ ნორვეგიასთან 1:7 დათმო. „სარბიელის“ ეს გვერდიც ამ მატჩების გამოხმაურებაა.
30.03.2005. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. საქართველო – თურქეთი 2:5
ის მატჩი ეროვნულ გუნდში რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებული მეკარე კაკო დევაძისთვის კინაღამ საბედისწეროდ დამთავრდა. მცველებთან და მეტოქის ფეხბურთელებთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მხოლოდ საავადმყოფოში მოვიდა აზრზე და მომხდარი არაფერი ახსოვდა. 70 წუთი თვალსასეირო ბურთაობა იყო, თუმც ბოლოსკენ თურქებმა იძალეს და ორი გოლი ზედიზედ გაიტანეს. თურქების პირველ გოლს მალხაზ ასათიანის გამათანაბრებელი მოჰყვა. მალევე თურქები ორი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ ალექსანდრე იაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. მეორე ტაიმი ჩვენების შეტევებით დაიწყო. ვერ გაიტანეს, თამაში ბოლოსკენ კი ორი მიიღეს. ამ შეხვედრის შემდეგ ნაკრებმა ალბანეთშიც წააგო და მწვრთნელი ალან ჟირესი პოსტს დაემშვიდობა.
02.09. 2006. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. საქართველო – საფრანგეთი 0:3
იმ შესარჩევის პირველი მატჩი ჩვენებმა ფარერების კუნძულებზე ითამაშეს და მეტოქე 6:0 გაანადგურეს. ეს იყო კლაუს ტოპმიოლერი პირველი ოფიციალური შეხვედრა და ვიფიქრეთ, არიქა, ავშენდითო… თურმე, სად ხარ. ფარერების შემდეგ თბილისში უკვე საფრანგეთს ველოდით. ეროვნული სტადიონი გაახლდა… ნაკრებისთვის დაიწერა სამოტივაციო ჰიმნი – ჩვენ ერთი გუნდი ვართ… ნაკრების ცხოვრებაში იყო ბევრი სხვა სიახლეც, თუმც ჩამოვიდა საფრანგეთი, წყნარად და უპრობლემოდ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და წავიდა.
14.11.2014. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. საქართველო – პოლონეთი 0:4
ვლადიმერ გუცაევის არ იყოს, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ პოლონეთთან დიდი ანგარიშით წაგება თემურ ქეცბაიას მწვრთნელის პოსტად დაუჯდა. ჩვენები პირველ ტაიმში კი გაუძალიანდნენ პოლონელებს, საგოლედ ერთი-ორი კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ შესვენების შემდეგ გუნდი რატომღაც მთლიანად მოიშალა და ოთხი უპასუხო გოლი მიიღო.
08.09. 2023. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. საქართველო – ესპანეთი 1:7
საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე საშინელი მარცხი. თავსხმა წვიმა ქალაქში და თავსხმა წვიმა ჩვენი უპირველესი გუნდის კარში. მაშინ ბევრი რამ მოხდა პირველად: ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შინ პირველად წააგო დიდი ანგარიშით; ლამინე იამალმა ესპანეთის ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა; ნაკრებში პირველი ჰეთ-თრიკი გააკეთა ალვარო მორატამ; პირველად და ერთადერთხელ მიიღო 7 გოლი გოლი საქართველოს ნაკრებმა… თუმც 2023-2024 წლების სეზონი მაინც კარგად გვახსენდება – შესარჩევის არა, მაგრამ ერთა ლიგის გავლით საქართველომ ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე.
![]()
15.11. 2025. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. საქართველო – ესპანეთი 0:4
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველომ ესპანეთთან მეოთხე თამაში წააგო დიდი ანგარიშით. ორზე უკვე ვთქვით, პირველად კი სანიოლის საქართველოს ესპანეთთან 2021 წელს ბადახოსში დათმო 0:4, ერთხელაც ევროპის ჩემპიონატზე წააგო – 1:4.
ბოლო თამაშის დამთავრების შემდეგ ვილი სანიოლმა ჯერ მეტოქის მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს, მერე კი ჟურნალისტებს ხუმრობით თუ სერიოზულად უთხრა, რომ ესპანეთთან ეს მისი ბოლო თამაში იყო. აწი, წილისყრით ესპანეთი თუ საქართველოს მეტოქედ ისევ ერგო, ის პოსტიდან წავა…
საქართველოს ნაკრების ისტორიში ვილი სანიოლი ერთად-ერთი მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა გუნდმა შინ ორჯერ წააგო დიდი ანგარიშით…
წახვალ, ვილი ???





