ISTANBUL, TURKEY - Tuesday, September 30, 2025: Liverpool's goalkeeper substitutes Freddie Woodman, Alisson Becker and Giorgi Mamardashvili during the pre-match warm-up before the UEFA Champions League match between Galatasaray A.?. and Liverpool FC at the Ali Sami Yen Stadium. Galatasaray won 1-0. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის’’ მთავარი მეკარეობა ალისონის ტრავმის გამო შეიძლება უფრო ადრე მოუხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ საქართველოს პირველი გოლკიპერი ამისთვის მზად აღმოჩნდაო, წერს საიტი This Is Anfield.

FRANKFURT, GERMANY - Wednesday, October 22, 2025: Liverpool's goalkeeper Giorgi Mamardashvili during the UEFA Champions League match between Eintracht Frankfurt and Liverpool FC at the Waldstadion. Liverpool won 5-1. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)პორტალი ამბობს, რომ გასულ ზაფხულს კევინ კელეჰერის „ლივერპულიდან’’ წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო, რადგან ირლანდიელი სათადარიგო მეკარეობისთვის გადაიზარდა, მამარდაშვილი კი შეგუებული გახლდათ ფაქტს, რომ კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ჩრდილში, ალისონის მხარდამხარ ივარჯიშებდა ყოველ დღე და მის თამაშებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალყურს. მაგრამ, სექტემბრის მიწურულს „გალათასარაისთან’’ შეხვედრაში ალისონი დაშავდა, მყესი დაიზიანა, რვა თამაში გამოტოვა და მამარდაშვილს შანსი მიეცა. ამ რვა შეხვედრიდან ქართველმა მონაწილეობა არ მიიღო მხოლოდ ლიგის თასზე „კრისტალ პალასთან’’ გამართულ მატჩში, რომელშიც ფრედი ვუდმანის დებიუტი შედგა.

22 ნოემბერს, „ნოტინგემ ფორესტთან’’ მერსისაიდელთა კარში სავარაუდოდ კვლავ გამოჯანმრთელებული ალისონი ჩადგება, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც კარს მამარდაშვილი იცავდა, როგორც თავად მეკარისთვის, ასევე გუნდის ხელმძღვანელთათვის და გულშემატკივრისთვის საყურადღებო გამოდგა. ეს იყო რთული მონაკვეთი, რადგან „ლივერპულმა’’ შვიდიდან ოთხი თამაში წააგო, 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა, მაგრამ  ბევრი რამ იმედისმომცემიც იყოო, ამბობს This Is Anfield.

ინგლისური საიტისთვის ერთი რამ ცხადია: ქართველი მეკარე დარტყმების მოგერიებაში უბადლოა. მან „ბრენტფორდთან’’ და „ასტონ ვილასთან’’ საოცარი დარტყმები მოიგერია, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდს პენალტი აუღო. გარდა ამისა, ქართველმა გვაჩვენა თავისი შესაძლებლობები ეგრეთწოდებული მწმენდავი მეკარის რანგში ― FBref-ის თანახმად სადღეისოდ მამარდაშვილი პრემიერლიგის მეკარეთა შორის საჯარიმოს გარეთ დაცვითი მოქმედებებით მეექვსეა (90 წუთიდან 1,8) და მეხუთეა საშუალო მანძილზე. საშულაოდ, ის კარიდან 16.8 იარდში (15.35 მეტრი) მოქმედებს.

„ვალენსიას’’ დროიდან მოყოლებული ამბობდნენ, რომ მამარდაშვილს ფეხით თამაში არ ეხერხება, მაგრამ „ლივერპულში’’ მისი ეს უნარი სასიამოვნო სიურპრიზად იქცა. ქართველის პასები მეტწილად მოკლე იყო. პრემიერლიგაში ალისონის ჩათვლით მხოლოდ ხუთ მეკარეს აქვს მასზე გრძელი პასი (28 მეტრი), მაგრამ როდესაც ის გრძელ გადაცემას აკეთებდა, მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა.

გრძელი პასებით (36,5 მეტრზე მეტი) მამარდაშვილი ხუთეულს მიღმაა, მაგრამ ხუთეულში არიან მეკარეები, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ. მან გრძელი გადაცემების 32,2% სწორად შეასრულა. კელეჰერს ეს მაჩვენებელი 38,9% აქვს, ხოლო ალისონს 36,7%.

ისეთი მოქმედებებით, რომელთაც კარში დარტყმა მოჰყვა, მამარდაშვილი ხუთეულშია. ამ მაჩვენებლით მასზე წინ არიან „არსენალის’’ კარის მცველი დავიდ რაია და სანდერლენდელი რობინ რუფსი (ორივეს ხუთი). ხუთეულში სამი დარტყმით არის უკვე რამდენჯერმე ნახსენები კელეჰერი.

რაც შეეხება მეკარეებს, რომელთა პასებს გოლი მოჰყვა, ასეთი მხოლოდ სამია: ალისონი, კელეჰერი და რუფსი.

თუმცა, არის მეორე მხარეც. მამარდაშვილის ფეხით თამაშს „ლივერპულელებმა’’ ალღო უნდა აუღონ, თორემ ისინი მას ხშირად აგდებენ რთულ მდგომარეობაში, რადგან ბურთს მარჯვენა ფეხზე უგორებენ, რომლით თამაშიც ქართველს გაცილებით ცუდად გამოსდის.

ეს ადაპტაციის პრობლემაა და ამაში უცნაური არაფერია. რეალურად გუნდს მოუწევს 2004-05 წლების სეზონთან დაბრუნება, როდესაც კარს ირჟი დუდეკი იცავდა ― „ლივერპულის’’ ბოლო ფეხით ცაცია გოლკიპერი. ამიტომ, იმ ფეხბურთელებს, რომელთაც მეკარისთვის ბურთის მიგორება ყველაზე ხშირად უწევთ (მათ შორისაა ვირჯილ ვან დაიკი) მარჯვენიდან მარცხენა ფეხზე გადაწყობა მოუწევთ. მოკლედ, ეს განვითარების საკითხია. მთავარი კი მამარდაშვილმა დაამტკიცა: როდესაც ამის საჭიროება დადგება, ის ალისონის ადგილის დაკავებას შეძლებს.

შემდეგ, საიტი This Is Anfield წერს, რომ ალისონის და მამარდაშვილის შედარება სამართლიანი არ არის, რადგან ბრაზილიელი სავარაუდოდ „ლივერპულის’’ ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. გარდა ამისა, მათ სხვადასხვა სტილი აქვთ. ალისონი „ყველაფრისტია’’, მამარდაშვილი კი გამორჩევით ძლიერი დარტყმების მოგერიებაშია.

და ბოლოს, საიტი წერს, რომ ალისონის კონტრაქტს ვადა ამ სეზონის შემდეგ გაუდის. ამბობენ, რომ მას „ლივერპული’’ ხელშეკრულებას ერთი წლით გაუხანგრძლივებს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ბრაზილიელი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი, მამარდაშვილმა კი უკვე აჩვენა, რომ შეუძლია „წითლების’’ მთავარი მეკარე გახდეს.