თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, ბიზნესი მასში დასაქმებულ ადამიანებს უწინდელისგან განსხვავებულ მოწყობას სთავაზობს და ხშირად ისე აგვარებს საქმეებს ადრე რომ ვერავის წარმოედგინა. ასე მაგალითად, ფრანგული კლუბი „სტრასბურგი’’ 2023 წლის ივნისში მიეყიდა კომპანიას, რომელსაც ჰქვია BlueCo და რომელიც ლონდონის „ჩელსის’’ მფლობელია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრანგული კლუბი ინგლისურის სატელიტი გახდა, რაც ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ BlueCo-ს მიერ დაფინანსებული „სტრასბურგი’’ ყოველ წელიწადს ევროპულ ასპარეზზე გამოდის. ძნელი სათქმელია რა მოხდება თუკი ეს ორი გუნდი ოდესმე მნიშვნელოვან შეხვედრაში დაუპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ ჯერჯერობით ყველა კმაყოფილია.
„სტრასბურგის’’ წარმატებამ მეზობელ „მეცსაც’’ გაუჩინა ვინმეს სატელიტად ქცევის სურვილი. შეგახსენებთ, რომ „მეცში’’ ქართველი ფეხბურთელები გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი თამაშობენ. პარასკევს RMC-ს ჟურნალისტმა კლუბის პრეზიდენტ ბერნარ სერენს ამის შესახებ ჰკითხა. პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„რატომაც არა? მე ველაპარაკე „სტრასბურგის’’ პრეზიდენტ მარკ კელერს და გადაწყვეტილება შევუქე. „ჩელსი’’ არის სტრატეგია. ეს ინგლისური კლუბი მთელს ევროპაში არჩევს 21-22 წლის ნიჭიერ ახალგაზრდებს და „სტრასბურგში’’ მიჰყავს. შედეგად, ამ მეთოდით იქმნება კონკურენტუნარიანი გუნდი. ამ ფეხბურთელებს შორის გამორჩეულები „ჩელსიში’’ მიდიან, სხვები კი სხვა კლუბებში ნაწილდებიან და ეს ძალიან კარგია’’.
თუმცა, სერენმა თავს ლიმიტიც დაუწესა. ასე მაგალითად, მას არ უნდა შეუერთდეს ისეთ იმპერიას როგორიც არის City Football Group. „მეცის’’ პრეზიდენტმა განმარტა:
„მულტი-მეპატრონეობა როდესაც ლაპარაკია მხოლოდ ორ კლუბზე, მაგალითად „ჩელსისა’’ და „სტრასბურგზე’’ მუშაობს, მაგრამ როდესაც საერთო ქოლგის ქვეშ ერთიანდება 10-15 კლუბი, ეს უკვე პრობლემურია. ამის ნათელი მაგალითია „ტროა’’, რომელიც მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში კარგად თამაშობს, მაგრამ ის „მანჩესტერ სიტის’’ სატელიტია, როგორც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, აგრეთვე ავსტრალიის კლუბები და ამიტომ მართვა ძნელდება. ასეთი პროექტის ფილოსოფიას ვერ ვხედავ’’.
„სტრასბურგს’’ „ჩელსის’’ სატელიტობამ სპორტული თვალსაზრისით კარგი შედეგი მოუტანა, მაგრამ გულშემატკივართა ერთი ნაწილისა და კლუბს შორის დაძაბულობა წარმოშვა. ამ ხალხს მიაჩნია, რომ მულტი-მეპატრონეობის სისტემაში მონაწილეობა მათ საყვარელ გუნდს სახეს, იდენტობას აკარგვინებს. თუმცა, სერენი ამბობს, რომ ისეთ კლუბებს, როგორებიც არის „სტრასბური’’ და „მეცი’’ სხვა გამოსავალი არ აქვთ.
„მე მესმის ფანების რეაქცია, მაგრამ უეფამ ისე მოაწყო, რომ ევროპაში მივიღეთ 16 ულტრა-მდიდარი კლუბი, ასე რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანს ჩემთან თანამშრომლობა მოუნდება, სიამოვნებით დაველაპარაკები. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია’’, ― თქვა სერენმა.





