რთულ დღეშია „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბში ლუკა შევალიეს მიყვანამ ისედაც სათადარიგო მთლად სათამაშო წუთების გარეშე დატოვა და აგერ, პრაქტიკანაკლულმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, პერუსთან შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა. მის გამო რუსებმა პეტერბურგში დიდი ხნის მონატრებულ საერთაშორისო შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, არადა 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე „მონაკოს’’ ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამაში ძნელი არაფერი უნდა ყოფილიყო, პერუელი ალექს ვალერას შორეული დარტყმა 26 წლის კრასნოდარელმა ვერ მოიგერია.
მატჩის შემდეგ რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა თქვა: „გოლი იმიტომ გავუშვით, რომ საფონოვს ფეხი დაუცდა და ბალანსი დაკარგა. მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ შენელებულ კადრს თუ ვნახავთ დავრწმუნდებით, რომ თუ არა ფეხის დაცდენა, გოლი არ გავიდოდა’’.
კარპინს საფონოვთან დაკავშირებით კიდევ დაუსვეს კითხვები. კერძოდ, ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რატომ ათამაშა მან ძირითად შემადგენლობაში მეკარე, რომელსაც კლუბში პრაქტიკა არ აქვს.
„ეს შეხვედრა ამხანაგური რომ არ ყოფილიყო, საფონოვი შეიძლება არც მეთამაშებინა’’, ― უპასუხა კარპინმა.
მეორე დილით კი, საფონოვი ჩილეს ნაკრებთან შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. ეს თამაში 15 ნოემბერს სოჭში გაიმართება. ითქვა, რომ მეკარის განაცხადიდან ამოღება სწორედ გაშვებული გოლის გამო მოხდა.
პსჟ-მ კი მომხდარი უფრო მარტივად ახსნა. პარიზულმა კლუბმა დაწერა, თითქოს თავიდანვე დათქმული იყო, რომ საფონოვი მხოლოდ პირველ შეხვედრაში ითამაშებდა. თქვეს, რომ კარპინს შემადგენლობის ცვლა უყვარს და ამიტომ მეკარის სოჭში არ-წაყვანა მის დასჯად არ უნდა მივიღოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საფონოვი გუნდიდან გაუშვეს, ის პარიზში დაუყოვნებლივ არ დაბრუნდება. პსჟ-მ მას ნება დართო რამდენიმე დღით რუსეთში დარჩეს, სადაც მისი 4 წლის გოგონა გაყრილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მომდევნო შაბათს, „ლე ავრთან’’ შეხვედრაში რუსი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდება.





