„ლივერპულის’’ ყოფილი მეკარე ბრედ ფრიდელი ამბობს, რომ არნე სლოტს მეკარე ალისონ ბეკერი წარმოუდგენლად დააკლდა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრის მიწურულს, „გალათასარაისთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა, რის შემდეგაც მას ექვსი კვირის განმავლობაში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ცვლიდა. ფრიდელი ამბობს, რომ მამარდაშვილზე საბოლოო შეხედულება ჯერ კიდევ არ ჩამოჰყალიბებია.
„ალისონი წარმოუდგენლად დააკლდა „ლივერპულს’’, ― თქვა ფრიდელმა, ― Hard Rock Bet-თან ინტერვიუში, ― ის კლუბში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, გუნდს მოედნის მიღმაც სჭირდებოდა. როდესაც საქმე კარგად არ მიდის, მას შეუძლია თანაგუნდელები დარაზმოს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ძალიან კარგად თამაშობს როდესაც მეტოქე მასთან პირისპირ შედის, ხოლო თუ შემადგენლობაშია, თავისუფლად შეგიძლია დაცვის ხაზი მაღლა აწიო.
გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ პრემიერლიგისთვის ახალწვეულია. მას პრემიერლიგური ფეხბურთის სწავლა სჭირდება, რაც ბუნებრივია. მას შეუძლია დიდი ფართობი მოიცვას, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ჯერ ალისონი არ არის.
„ლივერპულს’’ არ გაუმართლა, რადგან ალისონი დაშავდა, კევინ კელერი კი გაყიდეს, თორემ კარში ის ჩადგებოდა. ალისონის დანაკლისი ყველა სხვა ფეხბურთელის დანაკლისზე მეტია’’.
მამარდაშვილის ადაპტაციაზე ფრიდელმა უფრო ვრცლადაც ილაპარაკა: „მე მის შესახებ მკაფიოდ ჯერ ვერ ვილაპარაკებ. ვფიქრობ, მეკარეებისთვის ინგლისში ჩამოსვლა და პირდაპირ დიდებულად თამაში ძნელია. ცალკეულები ამას ახერხებენ, მაგრამ პრემიერლიგა მაინც განსხვავდება სხვა ლიგებისგან. მახსოვს, ის დრო, როდესაც უგო ლორისი „ლიონიდან’’ „ტოტენჰემში’’ გადმოვიდა. „ლიონი’’ ჩემპიონთა ლიგის გუნდი იყო. ლორისი საფრანგეთის ნაკრების კარში იდგა და თამაშებს იგებდა, მაგრამ პრემიერლიგაში აღმოაჩინა, რომ კიდევ ძალიან ბევრი ჰქონია სამუშაო. „ლიონში’’ ამდენი მუშაობა არ სჭირდებოდა.
ვფიქრობ, რომ მეკარეს პრემიერლიგასა და ქვეყანასთან შესაჩვევად დრო და თამაშები უნდა მისცე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ვთქვათ, გახდება მამარდაშვილი ალისონის მემკვიდრე თუ ვერა. ყველამ იცის, რომ ალისონი პირველია, მამარდაშვილმა კი ჯერჯერობით თავისი საქმე ისწავლოს, მას წინ ბევრი წელი აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება’’.





