შაბათს, 16 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე რაუნდში კანადას შეხვდება, ისევე, როგორც ერთი კვირის წინანდელი მატჩი, ეს შეხვედრაც ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება.

შეხსენებისთვის: გასულ შაბათს ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრებს 43:30 მოუგეს, ხოლო კანადამ რუმინეთში 21:31 წააგო.

კანადა შედარებით სუსტია ამერიკის ნაკრებზე, ამდენად წესით და რიგით, 15 ნოემბრის მატჩის მოგება ქართველებს ძალების ნაკლები დაძაბვის ხარჯზეა სავარაუდო. საქართველო კვლავაც მე-11 საფეხურზეა „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში, კანადა 24-ე.

მომავალ მეტოქეთა ისტორიული ანგარიში 7 შეხვედრისგან შედგება, რომელთაგან 4 საქართველომ მოიგო. ბოლოს ეს მთელი 8 წლის წინ მოხდა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა კანადელები დიდად არ დაწინაურებულან, ბორჯღალოსნებმა კი ამასობაში ტიერ 1-ის სამი წარმომადგენელი დაამარცხეს. ასეა თუ ისე, საქართველომაც და კანადამაც 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვეს და შაბათის მატჩს ორივე მხარე ამ ფორუმისთვის ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას უძღვნის.

რიჩარდ კოკერილმა სამატჩო რაზმში რამდენიმე ახალი მოთამაშე შეიყვანა: სასტარტოში მოგვარეები – ბურჯი ირაკლი აფციაური და გარემარბი შალვა აფციაური, მარქაფაში – მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. უნდა აღინიშნოს, რომ კანადასთან ქართულ მარქაფაში სამხრეთაფრიკულ ყაიდაზე 6 ფორვარდი და ორი უკანახაზელია.

ისიც ვთქვათ, რომ ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 98-ე კეპს მოიხვეჭს და 100-კეპიანთა, იგივე ცენტურიონთა საპატიო კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კანადასთან მატჩში

  1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი, 0, ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 26, 50), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 20, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 21, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 28, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 17, 20), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 50, 20), 8. ბექა გორგაძე (კაპიტანი, პო, 51, 65), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 97, 98), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 57, 364), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 45, 20), 12. გიორგი შველიძე (ბრივი, 4, 0), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 72, 60), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი, 2, 10), 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 43, 109).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 8, 10), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი, 13, 0), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 46, 20), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი, 20, 15), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 25, 20), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 42, 30), 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 61, 55), 23. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 30, 203).