„პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიე კრიტიკის ობიექტი გახდა. მედიას და გულშემატკივარს არ მოსწონს როგორ იცავს ის საფრანგეთის ჩემპიონის კარს, თუმცა ბოლო ხმაური მოედანს მიღმა ამბავმა გამოიწვია. „ლილის’’ ყოფილ მოთამაშეს უკიდურესი მემარჯვენეობა დააბრალეს, ყველაფერი კი ინსტაგრამზე დასმული უბრალო „ლაიქიდან’’ დაიწყო.
ეს ლიონში პარიზელთა 3:2 გამარჯვების მეორე დღეს მოხდა, როდესაც შევალიემ მოიწონა მავანი პოლიტიკოსის პოსტი, რომლის ავტორიც ამბობდა, რომ მხარს დაუჭერდა პარტია Rassemblement National-ს (ლე პენის ცნობილ მემარჯვენე-პოპულისტურ და ეროვნულ-კონსერვატიულ პარტიას) მემარცხენე La France Insoumise-ის წინააღმდეგ. მას მერე, რაც სკანდალი ატყდა შევალიემ თქვა, რომ ეს „სქროლვის’’ დროს შემთხვევით მოუვიდა. მეკარემ დასძინა, რომ ყველაფერი რაც მის გარშემო აგორდა უკვე ძალიან აბრაზებს.
„არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური განათლების დემონსტრაციას. მე უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ყველა ვინც მიცნობს დაადასტურებს, რომ აღზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, სადაც მშობლებისთვის ფასეულობები და სხვისი პატივისცემა მთავარი იყო, ამიტომ არასდროს მივცემდი ჩემს თავს ასეთი რამის გაკეთების უფლებას’’― დაწერა შევალიემ.
„პარი სენ ჟერმენის’’ მეკარემ ხაზი გაუსვა, რომ სკანდალმა მის ოჯახს მორალური ზიანი მიაყენა.
„ზიანი უკვე მიყენებულია, ჩემ შესახებ რა არ ილაპარაკეთ. თქვენ ცდილობდით ფაშისტად წარმოგედგინეთ და მარტო მე კი არა, მთელ ჩემს ოჯახს უმიზნებდით. მე პირადად მსხვერპლის როლს არასდროს ვითამაშებ, მაგრამ ზღვარს გადახვედით, თან ძალიან’’, ― დაწერა შევალიემ.


![კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/10/Otar-Kiteishvili-1-218x150.jpg)


