ლიონი კვარას გოლს სკანდალურად მიიჩნევს

Home სიახლეები ლიონი კვარას გოლს სკანდალურად მიიჩნევს
ლიონი კვარას გოლს სკანდალურად მიიჩნევს

Ruben Kluivert of Lyon, Khvicha Kvaratskhelia of PSG during the Ligue 1 McDonald's football match between Olympique Lyonnais and Paris Saint-Germain...სტადიონზე 59000 ადამიანი იჯდა და მათგან მხოლოდ ოთხმა ვერ დაინახა წესის დარღვევაო, თქვა ნამატჩევს „ლიონის’’ განრისხებულმა ასისტენტმა მწვრთნელმა ჟორჟე მასიელმა.

„მეორე გოლი უბრალოდ სკანდალური იყო. ნიკოს წინააღმდეგ უხეშობას კი პენალტი და წითელი ბარათი უნდა მოჰყოლოდა’’, ― თქვა მან. ლაპარაკია ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და ნიკოლას ტალიაფიკოს ეპიზოდზე, როდესაც არგენტინელს კანგ-ინ ლიმ მაისურზე დაქაჩა, მან კი მაინც გაარტყა ბურთი ძელს. კვარაცხელიას გოლის ეპიზოდში იგულისხმება, რომ ვიტინიამ ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა.

მასიელი: „პარიზელებს ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და არ მგონია, რომ VAR-ის დახმარება და 16 კაცით თამაში სჭირდებოდეთ’’.

რონისპირელთა მწვრთნელის ასისტენტმა შეხვედრის მიწურულს, წამატებულ წუთებში ტალიაფიკოს მეორე ყვითლით გაძევებაზეც თქვა: „თუ წესები ყველასთვის ერთია, ნიკო არ უნდა გაეძევებინათ. და კიდევ არ მესმის რატომ არ ამოუღეს წითელი ბარათი ილია ზაბარნის. რამდენჯერ უნდა დაერღვია წესი წითელი რომ მიეღო?’’.

მასიელმა მსაჯი ბენუა ბასტიენი ქედმაღლობაში დაადანაშაულა: „ის ყველაფერს ქედმაღლურად აკეთებს. თამაშის მერე ეპიზოდების გარჩევის შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა. გარჩევა კი საჭიროა, რადგან ტური ტურს მოსდევს და ჩვენ ვხედავთ, რომ წესები სხვადასხვა გუნდებისთვის ერთი და იგივე არ არის’’.

„ლიონის’’ სპორტული დირექტორი ლუი-ჟან მატიე: „ბატონი ბასტიენის მსაჯობა კატასტროფული იყო. მე ის მატჩის მერე არ მინახავს, მაგრამ რომც მენახა არაფერს მეტყოდა. ის არასდროს არაფერს ამბობს. ბოლოს და ბოლოს დროა დავსხდეთ და მსაჯობის საკითხები სერიოზულად გავარჩიოთ, თორემ ეს უკვე მეტისმეტია’’.

შეხვედრა დასრულდა 3:2 სტუმრების გამარჯვებით. ანგარიში 26-ე წუთზე უარენ ზაირ-ემერიმ გახსნა. 30-ეზე ალფონსო მორეირამ გაათანაბრა. 33-ეზე კვარაცხელიამ ისევ პარიზელები გაიყვანა წინ. მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე ეინსლი მეიტლანდ-ნაილსმა ერთხელაც გაათანაბრა, მაგრამ 90+5 წუთზე, ტალიაფიკოს ზემოხსენებული გაძევების მერე ჟოაო ნევეშმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

კვარაცხელიამ 74 წუთი ითამაშა. ის გონსალო რამუშმა შეცვალა.

Maxifoot-მა პარიზელთა გარემარბს 7 ქულა დაუწერა და მისი თამაში ასე შეაფასა: „ქართველი ცოცხლად თამაშობდა. კლუივერტის წინააღმდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ ვინგერმა მალევე სცადა სარგებლის ნახვა და შთაბეჭდილების მოხდენა. პირველივე შესაძლებლობისთანავე მან მაიულუს მიაწოდა კარგი პასი, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ ისარგებლა. ამის მერე „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშემ გოლი გაიტანა, როდესაც ვიტინიას მაღალი პრესინგის შედეგად ბურთი მიიღო და ჩახვეული დარტყმით კარში შეაგდო. კვარაცხელია ამ შეხვედრაში დროულად მოქმედებდა და თავისი გარბენებით ეფექტური იყო’’.

Footmercato-მ ქართველის თამაში 6.5 ქულით შეაფასა. „მიუხედავად იმისა, რომ პირველ წუთებში თავშეკავებული იყო, მაინც შეგვახსენა, რომ დიდი ფეხბურთელის თვისებები აქვს, კერძოდ კი პირველივე შესაძლებლობისთანავე კარში არტყამს. მან ისარგებლა ვიტინიას ეფექტური პრესინგით და იდეალური დარტყმით ხელმეორედ დააწინაურა თავისი გუნდი. მისი გავლენა ყოველ წამს იზრდებოდა. ის ამჟღავნებდა სისწრაფეს და დაჟინებას ლიონელთა დაცვის წინააღმდეგ. შემდეგ კი შეცვალეს’’, ― დაწერა საიტმა.

Flashscore-მა კვარაცხელიას 8.3 ქულა დაუწერა (ვიტინაის შემდეგ მეორე შედეგი); sofascore-მა ― 8.4 (ყველაზე მეტი); whoscored-მა კი 7.7 (ვიტინიასა და კანგ-ინ ლის მერე მესამე შეფასება).