ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს.

ტოპ 14

პრინციპში, ნაკრებებში წამყვანი მორაგბეები მივლენილი ტულონელებსაც ბლომად ჰყავდათ და ლაროშელელებსაც, ამიტომაც იყო, რომ ორივე მხარე ამ გადადებულ მატჩს შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა. „ტულონმა“ 39:14 მოიგო, თან ბონუსიც დაიმსახურა, სატურნირო ცხრილის ლიდერ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ტულუზს“ ქულებით გაუთანაბრდა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. ჩვენთვის საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ტულონელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ქართველმა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ ჩაატარა, რომელიც ხსენებულ გუნდს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით პრო დ2-ის „გრენობლიდან“ შეუერთდა. გიორგიმ ბოლო 18 წუთი ითამაშა. გიორგი ჯავახიას ტულონში ძალიან თბილად შეხვდნენ. „წითელ-შავებს“ საკლუბო ავტობუსიდან „სტად მაიოლის“ შესასვლელამდე ფეხით საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ და იქ კლუბის ფანები ცოცხალ დერეფანს აწყობენ. ჰოდა, იქ მყოფი ტულონელები ქართველ გოლიათს თბილად მიესალმნენ – თითოეული მათგანი საქართველოს ნაკრების მეორეხაზელისთვის ხელის ჩამორთმევას შეეცადა. ზოგადად, „ტულონში“ გიორგის ძლიერ ეიმედებათ, რადგან მათ საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელი მატიას ალაგაუ ტრავმის გამო კლუბს დიდი ხნით გამოაკლდა და ჯავახია სწორედ მის ალტერნატივად მოიაზრება

„ლა როშელის“ შემადგენლობაში კი, ჯავახიასავით ნაკრებს მიღმა დარჩენილებმა ითამაშეს – კვაჭმა ნიკა სუთიძემ და ბურჯმა სანდრო ქუნთელიამ.

პრო დ2

„ბრივის“ გამოცდილმა ბურჯმა ვახტანგ აბდალაძემ სეზონში პირველი ლელო გაიტანა.  „მონ-დე-მარსანთან“ შეხვედრის 32-ე წუთზე აბდალაძემ რაქში იყოჩაღა, ბურთი აიტაცა და მეტოქის დაცვაში წამიერად შექმნილ ნაპრალში დამიწება მოასწრო. „ბრივმა“ ბონუსით მოიგო – 68:10, ხოლო ვახომ პრო დ2-ში ჩატარებულ ჯამურ 33-ე მატჩში მე-3 ლელო იზეიმა.

აბდალაძის ტყუპისცალი ლელო „ნევერის“ ახალგაზრდა ბურჯმა ლაშა ფხაკაძემაც დადო, რომელმაც ლიდერ „ვანთან“ საშინაო მატჩის 50-ე წუთზე მოედნის ზუსტად იმავე ადგილას მოახერხა რაქიდან შეტევა და მიზნის მიღწევა. სხვადასხვაფერი კვართები რომ არა, აბდალაძისა და ფხაკაძის ლელოების გარჩევა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ასეა თუ ისე, „ნევერმა“ ლაშას დახმარებით უმძიმესი მატჩის მოგება მაინც მოახერხა – 22:13, ამ გამარჯვებამ კი ნევერელები ცხრილის მე-5 საფეხურამდე დააწინაურა. ფხაკაძის კარიერულ ანგარიშზე ლიგაში გამართული 28 მატჩი და 3 ლელოა. „ვანი“ კი კვლავაც მიუწვდომელია კონკურენტებისთვის და 35 ქულით გათამაშებას ლიდერობს.